2019-04-15 10:03:43
ვინ დაადგინა, რომ ხელისუფლებას ორ ვადაზე მეტის უფლება არ აქვს?! ნეთანიაჰუ მეხუთედ აირჩია ხალხმა - ღარიბაშვილი 

ვინ დაადგინა, რომ ხელისუფლებას ორ ვადაზე მეტის უფლება არ აქვს?! - ეს განცხადება, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მან ხელისუფლების ცვლილების საკითხზე ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ არ არის აუცილებელი პოლიტიკურმა გუნდმა ხელისუფლება მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვოს. 

ღარიბაშვილმა მაგალითად ისრაელი მოიყვანა და თქვა, რომ  პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ მეხუთედ აირჩია ხალხმა და მისცა მანდატი.

” ჰიპოტეტურად რომ წარმოვიდგონოთ, რომ ემართა სამართლიანად და გონივრულად სააკაშვილს, მთელი ეს განსაცდელი რომ აერიდებინა ჩვენი ხალხისთვის, მე არ გამოვრიცხავ, რომ მას გაეგრძელებინა…მაგრამ, იმდენი გააფუჭეს, თავიდან დაიწყეს და იმდენი გააფუჭეს შემდეგ, რომ ყველა ის გაკეთებული საქმე გადაწონა ერთიანად.

მე გეტყვით რამდენიმე მაგალითს: სულ ერთი კვირის წინ დაახლოებით, ისრაელში, ძალიან ძლიერი პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ მეხუთედ აირჩია ხალხმა და მისცა მანდატი. გერმანია, იგივე ლუქსემბურგი, რომლის პრემიერ-მინისტრი 19 წლის განმავლობაში მართავდა ლუქსემბურგს, თუ არ მეშლება. ჩვენ გვყავს მმართველი, გვაქვს პრეტენზია, რომ გვყავს გონიერი მმართველი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს, ყველაფერი, რაც ჩამოვთავლე, ყველა წინაპირობა არის შექმნილი ქვეყანაში: მშვიდობა, სტაბილურობა, თავისუფლება და განვითარება. ყველა პირობა გვაქვს, რომ ჩვენ განვვითარდეთ ძალიან სწრაფად.

აქედან გამომდინარე, ეს არავის გადასაწყვეტი არ არის, რა თქმა უნდა, ხალხი გადაწყვიტავს ამას 2020 წელს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს, რაც არ უნდა ისაუბრონ, დიდი ბოდიში, ორი ძალა არსებობს ქვეყანაში: ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგენილი დესტრუქციული, რევანშისტი ძალებით სააკაშვილის ხელმძღვანელობით და რა თქმა უნდა, არსებობს „ქართული ოცნება“ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით. ამ ორ ძალას შორის, ეს გვინდა თუ არ გვინდა, დღეს გვაქვს ეს მოცემულობა ქვეყანაში. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს ასეთი დესტრუქციული ფორმით, ეს არის გამოწვევა, მე ვიტყოდი. მე აქვე მინდა, გავიმეორო ის, რაც ვთქვი, 2015 წლის ბოლოს, მაშინ როცა მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მათი რეიტინგი იყო დაახლოებით 6-7%. როგორ მოხდა, ეს არის ძალიან საინტერესო.. თუ მთავრობა კეთილსინდისიერად, ეფექტურად ემსახურება მოსახლეობას, მისთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა ვინ იქნება და რომელი სახეები იქნებიან.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ამავე თემაზე