2019-03-28 11:59:36
საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას განაგრძობს

საჯარო მეტყველების რიგით მეხუთე კონკურსი გაიმართა. 28 მარტი, 2019 - საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, მხარდაჭერითა და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით 16-17 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსი გაიმართა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული. პირველი ადგილის მფლობელი ნიცა სირაძე ერთი კვირით ლონდონში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში. საჯარო მეტყველების კონკურსის 10-მა მონაწილემ წელს 5 წუთიანი გამოსვლა მოამზადა თემაზე - „ტყუილი სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ჭეშმარიტება დროს უძლებს“. წელს კონკურსში მონაწილეობა 95-მა ახალგაზრდამ მიიღო. „განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ბანკს არაერთი აქტივობა აქვს განხორციელებული. საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, აღნიშნულ კონკურსს მე-9-ე წელია უჭერს მხარს. მიგვაჩნია, რომ საჯარო მეტყველების კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტია ინგლისური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ სწორედ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საჯარო მეტყველების კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად ლონდონში კიდევ ერთი ახალგაზრდა გაემგზავრება. საერთო ჯამში, 8 წლის განმავლობაში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ლონდონში უკვე 7 ახალგაზრდა გაემგზავრა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. საჯარო მეტყველების კონკურსი საერთაშორისო პროექტია, რომლის განხორციელებითაც საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ახალგაზრდების საერთაშორისო ორატორთა კონკურსის ფინალში მონაწილეობას, რომელიც წელს ლონდონში 39-ედ იმართება.

ამავე თემაზე