2019-03-15 16:32:36
სოფელ ხურვალეთთან საგანგაშო არაფერი ხდება - ხულორდავა 

სოფელ ხურვალეთთან საგანგაშო არაფერი ხდება - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. 

თამარ ხულორდავა ხურვალეთში არსებულ ვითარებას და იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები არიან გადასული. 

მისი თქმით, უპასუხისმგებლობაა მნიშვნელოვან თემებზე ყოველგვარი სპეკულაციები და არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

„განგაშისთვის საფუძველი არ არსებობს. ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვაქვს ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან, ასევე იმ ინფორმაციით, რომელიც მიღებული გვაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან, ეს ინფორმაცია არ დასტურდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ გადმოუკვეთავთ საოკუპაციო ხაზი. ეს ინფორმაცია არ დასტურდება და ამ მხრივ განგაშის საფუძველი არ არსებობს. ჩვენი სამართალდამცავები ინფორმირებულები არიან, ასევე ჩართულები არიან საერთაშორისო პარტნიორები. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებიც ინფორმირებულები არიან. ყველამ შევიკაოთ თავი უპასუხისმგებლო და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – განაცხადა ხულორდავამ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ეტაპზე არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ამავე თემაზე