2019-02-11 14:42:43
ქალბატონმა ანამ დააფიქსირა, რომ არ ვუჭერ მხარს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასო, მოსამართლეებს პასუხის ღირსად არ თვლით, თუ რა ხდება?! - მეთოფიშვილი 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ ცვლილებებს და მის მხარდამჭერებს, მწვავე კრიტიკა მოჰყვა. 

მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს მოუწოდებენ, ღიად დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება, რის საფუძველზე უჭერს მხარს ცხრა დეპუტატის კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას გულისხმობს.

განცხადებები დღევანდელ გაფართოებულ სხდომაზე გაკეთდა. 

საჯაროდ პოზიციების დაფიქსირება და ახსნა-განმარტება მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისგან პირადად მოითხოვა. 

„სხდომა ღიად მიმდინარეობს. როდესაც ვსაუბრობთ ღიაობაზე, ეს არის ის, რასაც საზოგადოება მოითხოვს. დღეს საკმაოდ მოვისმინეთ მოსამართლეთა აზრი. მაინტერესებს, თუ ჟურნალისტებთან შეიძლება პოზიციის დაფიქსირება, აქ არ შეიძლება?! ქალბატონმა ანამ დააფიქსირა, რომ არ ვუჭერ მხარს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასო. მოსამართლეებს პასუხის ღირსად არ თვლით, თუ რა ხდება?! გვითხარით, თქვენი პოზიცია. მშვიდ ვითარებაში კონსტუქციული მსჯელობაა, თქვენთვის არაკომფორტული გარემო არანაირად არ არის. ამაზე ღიად საბჭოს სხდომა ვერ წარმომიდგენია. მედიაც ესწრება და გთხოვთ დაგვისაბუთოთ, რატომ უჭერთ კანონპროექტს მხარს?!" - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

ანა დოლიძეს კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრების დაფიქსირება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლებმა ნინო სანდოძემ და ირაკლი შენგელიამაც სთხოვეს.

ამავე თემაზე