2019-01-21 15:07:45
განვიხილეთ რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგები- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვას რესპუბლიკაში ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.

მამუკა ბახტაძეს საულიუს სკვერნელისმა ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის სახლში უმასპინძლა.

პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურებაზე და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლობა მოგახსენოთ
მასპინძლობისთვის და აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია
ოფიციალური ვიზიტით თქვენს ქვეყანაში სტუმრობა.
სიმბოლურია, რომ ჩვენი ვიზიტი საქართველოსა და ლიეტუვას შორის
დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ემთხვევა. თუმცა, ჩვენს
ქვეყნებს შორის ურთიერთობა ნამდვილად არ დაწყებულა მეოთხედი
საუკუნის წინ და გაცილებით უფრო დიდი, მრავალსაუკუნოვანი
ისტორია აქვს და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ.
გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ლიეტუვა საქართველოს
უახლოესი მოკავშირე და მეგობარი ქვეყანაა. ჩვენს განსაკუთრებულ
ურთიერთობებზე ის გადაწყვეტილებებიც მიუთითებს, რომლებიც
გასულ წელს უმნიშვნელოვანეს თარიღებს - საქართველოს პირველი
დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებისა და ლეიტუვის
სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა, და ამიერიდან
ჩვენს ენებში ჩვენი ქვეყნები მათი ავთენტური დასახელებებით -
საქართველო და ლიეტუვა - მოიხსენიება.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღეს კიდევ ერთხელ უნდა
დავადასტურო, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ერთგულებას, რომელსაც
ლიეტუვა წლების განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ.
ყოველწლიურად მტკიცდება და ღრმავდება თანამშრომლობა და

პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის. სიამოვნებით მინდა
აღვნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია და,
შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ ახალი მიმართულებების გამოსავლენად.
ლიეტუვა „განვითარების სფეროში თანამშრომლობისა“ და ევროკავშირის
„თვინინგის“ პროექტების ფარგლებშიც აქტიურად აგრძელებს თავისი
გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს გვიწყობს რეფორმების
განხორციელებაში.
დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას ვესაუბრე ჩვენი ეკონომიკური
ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, ჩვენ განვიხილეთ
მნიშვნელოვანი რეგიონალური ენერგო- და სატრანსპორტო პროექტები,
რომელთა ერთობლივი განხორციელება ქვეყნების სატრანზიტო
პოტენციალის გაზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს.
ბოლო წლების განმავლობაში მზარდია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო
ბრუნვა, ასევე გაორმაგებულია ვიზიტორთა რიცხვი საქართველოში,
რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პირდაპირმა საჰაერო მიმოსვლამ
ქუთაისსა და ვილნიუსს შორის. დარწმუნებული ვარ, ეს ასევე ხელს
შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას და
ბიზნესკონტაქტების კიდევ უფრო გახშირებას.
სასიხარულოა, რომ ღრმავდება ხალხთაშორისი და კულტურული
კავშირები, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდებს შორის. სულ უფრო
მეტი ქართველი სტუდენტი ირჩევს თქვენს უნივერსიტეტებს
სასწავლებლად. ამჟამად, თქვენს უმაღლეს სასწავლებლებში 200-მდე
ქართველი სტუდენტი სწავლობს, რომლებსაც შეუძლიათ, ისარგებლონ
ლიეტუვის მთავრობის მიერ გამოყოფილი სახელმწიფო სტიპენდიებით.
ამისთვის მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო
ლიუტუვის მთავრობას.

ამასთან ერთად, მე დღეს მქონდა თხოვნა ჩემს კოლეგასთან, რომ
დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან
რეფორმაში. ლიეტუვა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ
სახელმწიფოდ “სტარტაპების” და “სტარტაპ” ბიზნესატმოსფეროს შექმნის
თვალსაზრისით. საქართველო იწყებს პირველ ნაბიჯებს ამ
მიმართულებით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მეგობარმა
ქვეყანამ გაგვიზიაროს გამოცდილება ამ თვალსაზრისით.
ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის
მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს მიერ ევროპული და
ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, სადაც ჩვენ
უპრეცედენტო დინამიკა გვაქვს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და
ჩემს კოლეგას საქართველოს მთავრობის სახელით გადავუხადო
მადლობა ლიეტუვის განსაკუთრებული წვლილისთვის ევროპული და
ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის წარმატებაში.
ჩვენ ვქმნით ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებს,
რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მეტ იმპულსს მისცემს
და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ
შეძლებისდაგვარად მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირთან, რაც
მეტი ინტეგრაციის პერსპექტივებს გაუხსნის ჩვენს ქვეყანას. სწორედ
ამას ემსახურება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო
რუკა, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ
მეგობრებს.
2019 წელი განსაკუთრებულია - ვზეიმობთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“
10 წლისთავს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“
ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ჩვენ აღვნიშნეთ ალიანსში გაწევრიანების გზაზე
საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ჩვენი ქვეყნის წარმატებული
დემოკრატიული ტრანსფორმაცია და ნატოსთან უპრეცედენტო
პრაქტიკული თანამშრომლობის დონე, ასევე აღინიშნა, რომ
საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოს სრულფასოვანი
წევრობისთვის.
მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ლიეტუვის
ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, აგრეთვე იმ ძალისხმევისთვის,
რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების
არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისკენ.
შეხვედრაზე განვიხილეთ რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ანექსიისკენ
გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგები. ჩვენ ვისაუბრეთ აფხაზეთისა
და ცხინვალის რეგიონებში გაუარესებულ უსაფრთხოების
მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების მუდმივ ხელყოფასა და
არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე.
ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ საერთაშორისო
საზოგადოების მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა მიიღო კონფლიქტის
მშვიდობიანი მოგვარების საკითხში. მხოლოდ საერთაშორისო
საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომებით შეძლებს
საქართველო, მიაღწიოს მშვიდობასა და სტაბილურობას.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა
მოგახსენოთ ჩემი და საქართველოს დელეგაციის მასპინძლობისთვის.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრით პოზიტიურ ბიძგს
მივცემთ ახალი ინიციატივების განხორციელებას ჩვენს ქვეყნებს შორის
ურთიერთობაში." განაცხადა მამუკა ბახტაძწმ წხვდრის შემდეგ გმართულ პრესკონფერენიაზე.

ამავე თემაზე