2019-01-12 13:58:07
ირაკლი კობახიძე - "სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა საკითხებზე სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან ისაუბრა"

"პრეზიდენტმა თავისი პირველი გამოსვლით თავი წარმოაჩინა, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა," - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან გუშინ პრეზიდენტის მიერ ყველა კითხვაზე "არ ვიცი, მე არ მეხება" კომენტარის გაკეთებას.   როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, პრეზიდენტის შეფასება მისგან სწორი არ იქნება.  მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა საკითხებზე სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან ისაუბრა.

„ჩემგან არ იქნება სწორი პრეზიდენტის შეფასება. ზოგადად შემიძლია აღვნიშნო, რომ მან სხვადასხვა საკითხებზე სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან ისაუბრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მან თავისი პირველი გამოსვლის დროს თავი წარმოაჩინა, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას. მე მოვისმინე ასევე ოპოზიციის შეფასებები და ეს შეფასებები არის ძალიან სამწუხარო, რადგან ისინი უნდა გაუფრთხილდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს. ის განცხადებები, რომელიც ისმოდა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გუშინდელი დღის განმავლობაში, ნამდვილად არ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას. თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია მომავალში სხვაგვარად შეხვდება პრეზიდენტის გამოსვლებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე