2018-12-25 14:37:36
"გაცხადებული მიზნები ვერ შესრულდება იმ პოლიტიკით, რასაც თქვენ ატარებთ"- ნაცვლიშვილი ქობულიას

თქვენმა პრეზენტაციამ დამიტოვა განცდა, რომ ის გაცხადებული მიზნები, რომელიც არის დამაკმაყოფილებელი, ვერ შესრულდება იმ პოლიტიკით, რასაც თქვენ ატარებთ, - განუცხადა „ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ეკონომიკის მინისტრს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც დღეს დეპუტატები გიორგი ქობულიას უსმენენ

„მთავარი ის კი არ არის მიზნები დავისახოთ, მთავარია, ვინ გააკეთებს ამას. ჩვენ თუ გავყევით ვაშინგტონის კონსენსუსის ლოგიკას, ყველაფრის პრივატიზაცია მოვახდინეთ, რასაც აპირებთ, თუ ისევ მაკროეკონომიკური სტაბილურობა გახდა იმის გარანტი, რომ ვიღაცეები აქ ჩამოვლენ და ფულს დააბანდებენ იმ სექტორებში, რომელიც სახელმწიფოს აქტიური ჩარევის და დახმარების გარეშე ვერ ვითარდება, მაშინ ეს დარჩება ისევ ფურცელზე და პრეზენტაციაზე დაწერილ სლაიდებად“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა კვალიფიციური კადრების გადინებას ხელს უწყობს მაშინ, როდესაც ქვეყანაში მუშა ხელის და კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა.

„კვალიფიციურ კადრებზე ხომ საუბრობდით? ჩვენ გუშინწინ მთავრობის წარმომადგენელმა გვითხრა დიდი სიამაყით, საფრანგეთთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, მივიღეთ კანონი, რომ ჩვენი კვალიფიციური კადრები წავლენ საფრანგეთში და იქ იმუშავებენ. ქვეყანა არ არსებობს, რომელიც კვალიფიციური კადრების გადინებას ხელს უწყობს. მეტი აბსურდულობა რაში უნდა მდგომარეობდეს? ვსაუბრობთ რომ ადამიანური და შრომითი რესურსი არ არის, კვალიფიკაცია გვაკლია და კვალიფიციურ კადრებს პირდაპირ კარს ვუღებთ და მოტივაციას ვაძლევთ ქვეყანა დატოვონ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე