2018-11-29 17:43:46
თბილისში საქართველო-ავსტრიის ტურიზმის ფორუმი გაიმართება

2018 წლის 30 ნოემბერს, 10:30-ზე, „ლოლიტას“ საკონფერენციო დარბაზში საქართველო-ავსტრიის ტურიზმის ფორუმი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 12 ავსტრიული კომმპანია ჩამოვიდა, რომლებიც ძირითადად ტურიზმის ინფრასტრუქტურისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმის სექტორებს წარმოადგენენ. ღონისძიების  პირველი ნაწილის მიმდინარეობისას გაიმართება პრეზენტაციები, სადაც აღნიშნული 12 კომპანია საკუთარ პროდუქტსა და შეთავაზებებს წარადგენს.

ავსტრიული კომპანიების საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი გამოცდილების გაზიარება და პოტენციური ბიზნეს-პარტნიორების მოძიებაა. შესაბამისად, გაიმართება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართულ კომპანიებს, რომლებიც შესაბამის სფეროებში სპეციალიზდებიან, საშუალება ექნებათ მოლაპარაკებები აწარმოონ ინტერესის სფეროს შესაბამის ავსტრიულ კომპანიასთან და მათთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილონ.

ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვლენ:  ავსტრიის სავაჭრო კომისარი გეორგ კარაბაჩეკი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. ასევე, ფორუმი ითვალისწინებს კითხვა-პასუხის რეჟიმსაც, სადაც ფორუმზე წარმოდგენილი ავსტრიული კომპანიების საქმიანობასა და ინტერესებს განიხილავენ.

ფორუმის მთავარი ორგანიზატორები ავსტრიის სავაჭრო პალატა(WKO)  და საქართველოს სამთო კურორტების განვითარების კომპანია არიან.

ამავე თემაზე