2018-11-16 15:21:52
"პარტია და მისი ლიდერი გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკით პრაქტიკულად რუსის ჯარს შემოუძღვა საქართველოში... მტერს შეატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა - კალაძე ენმ-ზე 

"პარტია და მისი ლიდერი საკუთარი გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკით პრაქტიკულად რუსის ჯარს შემოუძღვა საქართველოში... მტერს შეატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი დაღუპული გმირების ცხედრების გამოტანაზეც არ უზრუნია - ეს განცხადება, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა. 

კალაძე თეა წულუკიანის სკანდალური განცხადების შემდეგ, სადაც მან ჰააგაში ქართველი სამხედროების გასამართლება არ გამოირიცხა, ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა. 

"პარტია და მისი ლიდერი, ვინც საკუთარი გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკით პრაქტიკულად რუსის ჯარს შემოუძღვა საქართველოში, დაკარგა 150 სოფელი, მათ შორის, ჯერ განაიარაღა და მერე უბრძოლველად ჩააბარა კოდორი, მტერს შეატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი დაღუპული გმირების ცხედრების გამოტანაზეც არ უზრუნია, ისე მოაწყო გამარჯვების ყალბი ზეიმი რუსთაველის გამზირზე და რომ არა პატრიარქის პირადი გმირობა და ჩვენი სამღვდელოების თავდადება, ზოგიერთი გმირის საფლავიც არ გვექნებოდა;

ეს ის ხალხია, რომელმაც საერთაშორისო რეზოლუციებში ფაქტიურად დაუკანონა რუსებს ოკუპაცია და ისე მოუქცია ქვეყანას საქმე, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში აქეთ გვიჩივლა ოკუპანტმა;

პოლიტიკური ძალა, რომელმაც საკუთარი სიმხდალის და ღალატის გადასაფარად, ჯოხი ისევ გმირ სამხედროებზე გადატეხა და მათი თანაგუნდელი სადისტების ხელით არნახული რეპრესიები მოუწყო შეაიარაღებულ ძალებს.

დღეს, ეს ხალხი გვდებს ბრალს ეროვნული ინტერესების ღალატში. ის უსინდისო და აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული კამპანიაც, რაც ვითომდა ჰააგის ტრიბუნალის მიერ საქართველოს გამტყუნებას და ქართველი სამხედროების გასამართლების გამოგონილ საფრთხეს ეხება, ისევ და ისევ საკუთარი დანაშაულებრივი პოლიტიკის გადაფარვის და სხვაზე გადაბრალების სტრატეგიის ნაწილია.

მივმართავ მათ, ვინც ამ დანაშაულების დასაფარად გადალახა პოლიტიკური ოპონირების დასაშვები ზღვარი:

ვერ ეღირსებით,  ბინძური ტყუილებით ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთიანობასა და სიმტკიცეში ბზარის გაჩენას!

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ ხალხთან ერთად ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი - დეპოლიტიზებული ჯარი ისევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაითრიოთ.

სწორედ ხალხთან ერთად დავიცავთ ჩვენს სამხედროებს თქვენი შანტაჟისგან, ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში მოვიგებთ თქვენ მიერ წაგებულ საქმეებს, თქვენი ღალატით გახლეჩილ ქვეყანას გავამთლიანებთ და წავიყვანთ წინ.

ამავე თემაზე