2018-11-09 13:10:13
"ვერ გავითვალისწინებთ" - პასუხი მერიას

"თხოვნაა, ბრძანებაა, თუ რაც არის, ვერ გავითვალისწინებთ" - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის მერიას პასუხობენ და აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

შვილმოკლულ მამაბს მერიიდან წერილი დღეს მიუვიდათ. უწყება მათ მოუწოდებს აქციის ადგილმდებარეობა შეცვალონ, ვინაიდან რუსთაველის გამზირზე საახალხწლო სამუშაოები იწყება და ნაძვის ხე უნდა დაიდგას

"​2018 წლის პირველ ნოემბერს მივმართე მერიას, აქციების გაგრძელებასთან და კარვების განთავსებასთან დაკავშირებით 31 დეკემბრის ჩათვლით. რის პასუხადაც მივიღე წერილი მერიიდან, რომ შვიდი ნოემბრიდან უნდა შევცვალოთ ლოკაციის ადგილი, რადგან 7 დეკემბრიდან აქ აპირებენ ნაძვის ხის აღმართვას. 

მოგვიწოდეს პირდაპირ, რომ დავტოვოთ ეს ტერიტორია. ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით, გაქვს მშვიდობიანი მოთხოვნა, რომ ჩვენი შვილების მკვლელები უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემული აუცილებლად.​ ​ხელს ვუშლით როგორც ჩანს ვიღაცებს. ჩვენ არავის ვუშლით ხელს, არც იმ ბავშვებს, რომლებიც უნდა გაერთონ. ყველა ქართველი შვილი არის ჩვენი შვილი, რომლის მომავლისთვის ჩვენ დღეს ვიბრძვით. ჩვენ ჩვენი დასაკარგი შვილები უკვე დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, ეს თხოვნაა, ბრძანებაა, თუ რაც არის, ვერ გავითვალისწინებთ. ჩვენ აქ ვდგავართ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ჩემი შვილი მიწაში წევს და იქიდან მეტისმეტია ეს, პირდაპირ მეუბნება სახელმწიფო და ხელისუფლება რომ არაფერს არ გავაკეთებთ თქვენს დასაკმაყოფილებლად. ეს გამოდის ასე, ამ წერილით და არა მარტო, რომ ნაძვის ხე უნდა აღვმართოთ და ჩვენ ხელს ვუშლით. პირდაპირ გვითხრა დღეს ხელისუფლებამ, რომ სადაც გინდათ იქ იყავით ჩვენ არანაირი ნაბიჯს არ გადავდგამთ თქვენ მოთხოვნაზე. არ მისცემენ პასუხისგებაში ჩვენი შვილების მკვლელებს და გამოძიებას არ აპირებენ - ეს წერია პირდაპირ ამ წერილში" - ამბობს ზაზა სარალიძე.

„ეს იმას ნიშნავს, უსასრულოდ რომ იდგეთ პარლამენტის წინ თუ სხვაგან, ჩვენ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულს არ ვაღიარებთ, იდექით რამდენი ხანიც გინდათ. ეს არის ჩვენი მისამართით გამოგზავნილი სიტყვები. აქ რომელი ბავშვებიც არ უნდა იყვნენ და რომლებმაც უნდა იზეიმონ, განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისგან მე და ზაზა ვიცავთ ამ ბავშვებს. ამაში მთელი საქართველო დარწმუნებულია. ეს არის ის ხელისუფლლება, რომელიც ბავშვებს ხოცავს. ნაძვის ხის დადგმა არის ფულის გათეთრება, სხვა არაფერი, ამათ სხვა არაფერი აინტერესებთ. აქედან ფეხს არსად გავადგამთ, ვიქნებით ვიდრე ყველა ჩვენს კითხვას პასუხი არ გაეცემა“,- აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

შვილმოკლული მამები პარლამენტის წინ აქციას უკვე 2 თვეზე მეტია მართავენ და მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ. 

ამავე თემაზე