2018-11-08 15:21:16
საქართველოს არ დაუწყია ომი, ჩვენ სამშობლოს ვიცავდით... პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში - გენერალი დევი ჭანკოტაძე

საქართველოს არ დაუწყია ომი, არ დაუბომბავს მძინარე ცხინვალი, ჩვენ სამშობლოს ვიცავდით - ასე მიმართავს გენერალი დევი ჭანკოტაძე საქართველოს მოქალაქეებს. შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, სადაც მან საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში და საკუთარი მოქალაქეების დაბომბვაში დაადანაშაულა. 

გენერალი იმედს გამოთქვამ, რომ ქართველი ხალხი, საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორ არჩევანს გააკეთებს. 

"„2008 წელს საქართველოს ჯარი იცავდა თავის სამშობლოს. ჩვენი დაღუპული ბიჭების სულების წინაშე, ჩვენი თანამებრძოლების წინაშე, მთელი საქართველოს წინაშე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ სიმართლე, საქართველოს არ დაუწყია ომი, საქართველოს ჯარს არ დაუბომბავს მძინარე ქალაქი, ჩვენ ვიცავდით სამშობლოს და მომავალშიც დავიცავთ. რამდენიმე კვირაში ჩვენ ავირჩევთ ახალ პრეზიდენტს, ახალ სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი , ვისი განცხადებების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს ჩვენი ბიჭები გაასამართლოს. 

ჩვენი გმირები გაასამართლოს, ჯარისკაცები, ოფიცრები. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააკეთებს სწორ არჩევანს და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი და ღირსეული მთავარსარდალი,"-განაცხადა გენერალმა ჭანკოტაძემ. 

განცხადება სამხედროებთან ერთად გენერალმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა. 

ამავე თემაზე