2018-11-08 13:31:49
წმინდა სინოდის წევრი ვაშაძის წინააღმდეგ - "ასეთი პოლიტიკური ძალა არ უნდა არსებობდეს... ესენი არიან სინდისდამწვარი ადამიანები"(ვიდეო)

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების შემდეგ, ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე უკვე სასულიერო პირები საუბრობენ. წმინდა სინოდის წევრი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს საკვირაო ქადაგებისას გამოეხმაურა. სასულიერო პირი ამბიონიდან ამბობს, რომ  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში "დიდი ქაოსი და დიდი დაპირისპირება" დაიწყება.  მისივე თქმით, ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიცაა "ნაციონალური მოძრაობა", "არ უნდა არსებობდეს". მღვდელმა მრევლს მოუწოდა გაიხსენონ, რამდენი "ადამიანი დაიხვრიტა ქუჩაში". მისივე თქმით"ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყანას ბევრი ბოროტება მოუტანა და ის აღმშენებლობა, რომელიც სისხლით იყო შეღებილი, არაფრის მაქნისია"

"ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ძალის მოსვლა, მოუტანს დიდ დესტაბლიზაციას ქვეყანაში" ამბობს მეუფე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა და ერთ ერთ ასეთ შეცდომას მღვდელი "სამართლიანობის არ აღდგენას" ასახელებს, მრევლთან საუბარში ის ამბობს, რომ ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები იმედისმომცემია. მეუფემ ამის მაგალითად მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტზე უარის თქმა დაასახელა.

"დღევანდელი ხელისუფლება მივიდა უწმინდესთან, გაითვალისწინა საზოგადოებრივი აზრი, უნდა დავიჯეროთ ალბათ მათი გულწრფელობის" თქვა სასულიერო პირმა და ​მრევლს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

ეს განცხადებები მეუფე გიორგიმ  6 ნოემბრის საკვირაო ქადაგებისას გააკეთა.  

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ  სინოდის წევრებს და სხვა სასულიეორ პრებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან და ამასთან დაკავშირებით პატრიარქის სპეციალური განცხადება 19 სექტემბერს გავრცელდა 

ამავე თემაზე