2018-09-13 11:29:25
საქართველო პოზიციონირებს, როგორც საზღვაო ქვეყანა და ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ამ პოზიციონირების პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით - პრემიერი 

საქართველო პოზიციონირებს, როგორც საზღვაო ქვეყანა და ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ამ პოზიციონირების პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს. 
მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო ფორუმის განსაკუთრებულ დატვირთვაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიზანია, საქართველო გახდეს საერთაშორისო საზღვაო, ლოგისტიკური, სანაოსნო და საფინანსო ინსტიტუტების თავშეყრის ადგილი მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისთვის.
“საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საზღვაო ტრანსპორტი მსოფლიო ეკონომიკის ხერხემალია. სწორედ საზღვაო ტრანსპორტზე მოდის მსოფლიო ტვირთბრუნვის ყველაზე დიდი წილი. მოგეხსენებათ, საზღვაო ტრანსპორტი საუკუნეების განმავლობაში საქონლის გადაზიდვისა და მგზავრების გადაყვანის ყველაზე საიმედო და ეფექტიანი საშუალება იყო. დღეს კი, ჩვენს ეპოქაში, 21-ე საუკუნეში, მისი განვითარება სრულიად ახალ მოთხოვნებს გვიყენებს. სწორედ ამიტომ, დიდ დატვირთვას იძენს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, რომლის პოზიტიური როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგია გლობალური მასშტაბით ისეთი გარემოს შექმნა, სადაც დიდი თუ პატარა სახელმწიფოების ხმა თანაბრად ისმის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ყველა ვთანხმდებით, რომ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას დიდი წვლილი მიუძღვის საზღვაო ტრანსპორტის გლობალური სისტემის ჰარმონიზაციაში”, - განაცხადა პრემიერმა. 
მამუკა ბახტაძის შეფასებით, ხელსაყრელი გეოგრაფია და უნიკალური მდებარეობა საქართველოს ხელს უწყობს, გახდეს რეგიონული ჰაბი მრავალი მიმართულებით. 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ ამ მიზნით საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს, რათა ქვეყანა გახდეს საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ტურისტული და საფინანსო ჰაბი. 
“ეს არის ის გზა, რომელიც შესაძლებელს გახდის არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და თვისობრივად შეცვლის საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას. საქართველო არის კარიბჭე 8 ქვეყნისთვის, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს - დიდი შესაძლებლობა. როდესაც ლოგისტიკურ ჰაბზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ეფექტიანი საგზაო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის არსებობას. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები და ვახორციელებთ ისეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტი, თბილისსა და ქუთაისში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარება და ბევრი სხვა”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 
მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ძალიან დიდ სატრანზიტო პოტენციალს და რეგიონის ყველა სახელმწიფოს მიერ მისი ეფექტურად გამოყენების აუცილებლობას. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ამ პოტენციალის სრულფასოვნად გამოსაყენებლად აუცილებელია რეგიონის ქვეყნების სინქრონული, ჰარმონიული მოქმედება და სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაცია. 
“ჩვენ ჩართული ვართ ისეთი გლობალური მნიშვნელობის პროექტებში, როგორიცაა - ,,ერთი სარტყელი, ერთი გზის” ინიციატივა, ტრასეკა, ლაპის ლაზული, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი და ბევრი სხვა. ასევე მინდა, ყურადღება შევაჩერო ჩვენთვის აქტუალურ კიდევ რამდენიმე თემაზე. საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა. ამავე დროს, ჩვენ მსოფლიოში მე-9 ადგილზე ვართ ყველაზე დაბალი გადასახადების კუთხით. გარდა ამისა, ჩვენ აჭარის ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უკვე მომავალი წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები მივცეთ იმ კომპანიებს, რომლებიც საზღვაო ბიზნესით და ამ სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის სერვისის მიწოდებით არიან დაკავებულნი. ეს არის მართლაც უნიკალური საშუალება. შემიძლია, დღეს გავაჟღერო რამდენიმე პრინციპი - კომპანიები ფაქტობრივად ნულოვან საგადასახადო რეჟიმში შეძლებენ ამ სექტორში მუშაობას, მათ ექნებათ წვდომა უნიკალურ ელექტრონულ სერვისებზე, შეძლებენ რეკრუტირებას ძალიან კომფორტულ გარემოში, ამავე დროს, მოხდება ჩვენი კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან და ბევრი სხვა. ექსპორტის ზრდის, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვისა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამავე დროს ეროვნული წარმოების განვითარება და ტრანსპორტს ამ ნაწილში სრულიად განსაკუთრებული და უნიკალური როლი აქვს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ტრანსპორტი და ენერგეტიკა ის ორი დარგია, რომელიც აუცილებლად უნდა უსწრებდეს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას, სხვანაირად ის შეიძლება გახდეს ერთგვარი ვიწრო ყელი ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. 
“ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის და აქედან გამომდინარე ვახორციელებთ ასეთ მასშტაბურ ინვესტიციებს ამ მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ საზღვაო ტრანსპორტის მიმართულების წარმატებით განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ახალი ლიდერების გაზრდა, რაც სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ამ სექტორს საქართველოში. შესაბამისად, საზღვაო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩვენ ავირჩიეთ საზღვაო განათლება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალისხმევა აუცილებლად მოიტანს ძალიან პოზიტიურ შედეგებს”, - განაცხადა პრემიერმა. 
მამუკა ბახტაძემ ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივან კიტაკ ლიმს, რომელიც საქართველოში უკვე მეორედ იმყოფება და მას საერთაშორისო კონვენციებზე საქართველოს მიერთების სიგელები გადასცა. 
მთავრობის მეთაურმა გამოთქვა რწმენა, რომ საერთაშორისო საზღვაო ფორუმი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზღვაო დარგის განვითარების ხედვების გაზიარების კუთხით, ასევე საქართველოს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობას მისცემს.

ამავე თემაზე