2018-07-16 13:26:16
"შრომის უსაფრთხოებაზე სწორი პოზიცია გვქონდა, მაგრამ მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ არ მოგვცა მიღების საშუალება"

მინდელის შახტაში მომხდარ ტრაგედიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა. როგორც კობახიძემ განაცხადა, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობამ სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება არ მისცა: 

“ტყიბულში ოთხი მეშახტე დაიღუპა, რაც არის ტრაგიკული მოვლენა თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ტყიბულელებს და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო. ეს ტრაგიკული შემთხვევა არის თითოეული ჩვენგანის ტკივილი. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ კონკრტეტული ზომებია მისაღები იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები აღარ განმეორდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა. თქვენ გახსოვთ ჩვენი პოზიცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და გახსოვთ ჩვენი პოზიცია საპარლამენტო მუშაობის პროცესში. მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ ჩვენ არ მოგვცა სწორი ზომების მიღების და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება, რაც არის სამწუხარო და ეს სასწრაფო ცვლილებებს საჭოროებს. ძალიან სწორი პოზიცია დააფიქსირა მთავრობის ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც მიიღო პრინციპული და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება შახტის დახურვის თაობაზე, ვიდრე არ იქნება გამოძიებული ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული ამ ტრაგიკულ მოვლენებთან. თუმცა ესეც საკმარისი არ არის. დღესვე უნდა დავიწყოთ კონსულტაციები მთავრობასთან, რომ მივიღოთ ძალიან ქმედითი ზომები იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული ზომები აღარ განმეორდეს. 2012 წელს ბევრ რამეს დავუპირისპირდით, რაც წინა ხელისუფლებაში არ მოგვწონდა. ერთ-ერთი ეს იყო ლიბერტარიანული მიდგომა, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა. ასეთი მიდგომა პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ მთავარ ღირებულებას, რომელზეც ჩვენ ჩვენს პოლიტიკას ვაფუძნებთ: ეს არის ადამიანი. ჩვენ პოლიტიკაში მთავარი ღირებულება ადამიანი უნდა იყოს. ამას პირდაპირ უპირისპირდება ყოველგვარი ლიბერტარიანული მიდგომა, რომელიც შეიძლება იყოს გამოვლენილი მათ შორის შრომის უსაფრთხოების სფეროში. ეს არის პირდაპირ ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს მიდგომა რადიკალურად შეიცვალოს და განხორციელდეს კონკრეტული ცვლილებები შრომის უსაფრთხოების სათანადოდ დასაცავად. ეს არის ძალიან პრინციპული მნიშვნელობის საკითხი“, - განაცხადა კობახიძემ  

ამავე თემაზე