სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-07-12 12:28:05
გამოძიებამ არ ჩაატარა ან დაგვიანებით ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები - ომბუდსმენი მოზარდების მკვლელობის საქმეზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების ხარვეზებზე საუბრობს. ომბუდმსმენის განცხადებით, გამოძიებამ არ ჩაატარა ან დაგვიანებით ჩაატარა ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დამნაშავეთა გამოსავლენად შედარებით და გაცილებით მაღალ ალბათობას შექმნიდა.

„არ იქნა დოკუმენტირებული ფარდულის ზუსტი პარამეტრები, რასაც შემდგომში ფარდულის დემონტაჟი მოჰყვა. ამ გარემოებამ ხელი შეუშალა შემთხვევის ადგილის, როგორც მტკიცებულების შენარჩუნებას;

არ გაიჩხრიკა და არ იქნა ამოღებული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მ.კ.–ს ტანსაცმელი; გამოძიებას არც ტანსაცმლის მოპოვების მცდელობა – სახლის ჩხრეკა ჩაუტარებია; არ იქნა აღებული მ.კ.–ს ფრჩხილის ნიმუშები; 

არ იქნა აღებული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის გ.მ.–ს ფრჩხილის ნიმუშები და ანაწმენდი; 

არ იქნა აღებული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის დ.ღ.–ს ფრჩხილის ნიმუშები და ანაწმენდი; არ ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება: ჩხუბის მონაწილეების – მ.კ.–ს, დ.ღ.–ს და თ.ნ.–ს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა; 

არ იქნა მყისიერად მოპოვებული და შესწავლილი ტელეფონები და ტელეფონებით განხორციელებული კომუნიკაცია იმ პირებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ დანაშაულამდე და დანაშაულის შემდეგ კომუნიკაცია როგორც ერთმანეთში, ისე გარეშე პირებთან (გ.მ., ა.დ., ა.ს., თ.ჩ., დ.ღ., ლ.კ., თ.კ., მ.ს., მ.ს.–ს მეუღლე);

გამოძიებისას არ იქნა დაკითხული მ.ს.; გამოძიებისას არ იქნა დაკითხული მ.ს.–ს მეუღლე თ.კ. და მეუღლის და ლ.კ.; 

გამოძიების პირველივე დღეებში არ იქნა მყისიერად შესწავლილი-დათვალიერებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები (მხოლოდ შენახვის შესახებ გაფრთხილება იქნა მიცემული);

არ ჩატარდა მოწმეთა გამოკითხვა ფარდულში მყოფი ყველა პირის როლის, განლაგების და მოქმედებათა ქრონოლოგიის დეტალური დაზუსტებისთვის; 

გამოძიების პირველივე დღეებში არ იქნა დაკითხული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე დ.ღ. – იგი მხოლოდ 13 დღის შემდეგ დაიკითხა;

გამოძიების პირველივე დღეებში არ იქნა დაკითხული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე თ.ნ. – იგი მხოლოდ 15 დღის შემდეგ დაიკითხა; 

გამოძიების პირველივე დღეებში არ ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ზურგში მიღებული დაზიანებისთვის გ.მ.–ს ექსპერტიზა დაჭრის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის შემდეგ დაინიშნა; 

არ დაიწყო და წარიმართა გამოძიება გ.მ.–ს სხეულის დაზიანების ფაქტზე, მიუხედავად იმისა, რომ 2 დეკემბერს გამოძიებამ იცოდა დაზიანების შესახებ და იმ დროისთვის უკვე არსებული საქმის მასალებით ფაქტის ჩამდენი პირის იდენტიფიკაციაც გონივრულად შესაძლებელი იყო;

არ ჩატარდა ფარული მიყურადება მ.ს-ს, მისი მეუღლის, დანაშაულის ინციდენტში მონაწილე პირების: ა.ს.–ს, მ.კ.–ს, გ.მ.–ს, დ.ღ.–ს, გ.ი.–ს, თ.ნ.–ი და ა.ს.–ს მიმართ“, -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამავე თემაზე