თუ მართლმსაჯულებაში არ იქნება წინსვლა, ვადამდელი არჩევნების საკითხს დავაყენებდი - კობერიძე
2018-06-14 11:18:32 · ამობეჭდვა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან კობერიძე პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე საუბრისას ამბობს, რომ სახელმწიფოსათვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფერო მართლმსაჯულებაა და როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ მთავრობას აღნიშნულ გამოწვევაზე შესაბამისი მოქმედება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც კობერიძე ამბობს, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს:

“…მე, მაგალითად, მივიჩნევ, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს სამართლიანობის შეგრძნებასთან დაკავშირებით საქართველოში. ასევე, სასჯელის აუცილებლად დადგომაზე რიგ საქმეებთან, მათ შორის, სარალიძის საქმესთან დაკავშირებით.

ანუ მართლმსაჯულების ნაწილში უფრო გვაქვს პრობლემები და გამოწვევები, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ახლანდელმა და მომავალმა მთავრობამაც უნდა უპასუხოს გაცილებით მეტი კონკრეტული ნაბიჯით. არა მარტო მთავრობამ, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლებამ, მათ შორის, პროკურატურამ. ჩვენ პრობლემები და გარღვევები გვაქვს სწორედ ამ ნაწილში. თუ ჩვენ ამ ნაწილში ვერ ვახრეხებთ რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას, მეტსაც გეტყვით, ალბათ მაშინ მთავრობის კი არა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხსაც დავაყენებდი მე პირადად...ჩემი აზრით, თუ ყველა იმ კითხვას, რომელსაც სამართლის აღსრულებასთან დაკავშირებით დროული პასუხები არ გაეცემა, სრულიად ლეგიტიმური იქნება მოსახლეობის მოთხოვნა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს” განაცხადა კობერიძემ.





გაზიარება და მოწონება