სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-06-14 00:09:24
დაკითხავს თუ არა პროკურატურა კვირიკაშვილს?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დაკითხვას ითხოვს და ამ მოთხოვნით ის დღეს მთავარ პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს. საქმე ეხება დიდი ლილოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებას და ე.წ. გამქრალ შენობებს, რომელიც გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძეს, გიორგი შარაშიძეს გადაეცა. მას შემდეგ კი, რაც შარაშიძემ დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა და ნაკვეთი კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნდა, იქ არსებული შენობა-ნაგებობები უკვე აღარ იდგა. ხაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე პროკურატურაში განცხადება ჯერ კიდევ 6 თვის წინ შეიტანეს და კვირიკაშვილის გარდა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის და გიორგი გახარიას დაკითხვაც მოითხვეს, რომელიც მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დაბრუნების მომენტში უკვე ეკონომიკის მინისტრი იყო:

"2017 წლის დეკემბერში, ჩვენი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ დიდ ლილოში, 12 ათასი კვადრატული მიწის ნაკვეთი, რომელიც უცნობის სიძეს გიორგი შარაშიძეს გადაეცა ქარხნის ასაშენებლად და ამ ბიჭმა ვერ შეასრულა ვალდებულება,ქონება თავისი შენობა- ნაგებობებით დაუბრუნდა სახელმწიფოს. თუმცა, 2017 წლის დეკემბერში აღმოვაჩინეთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო რომ გვეუბნებოდა, რომ იმ მიწის ნაკვეთზე შენობა ნაგებობები ისევ არსებობდა, რეალობაში აღარ არსებობს, შენობები გაქრა, ფიზიკურად აღარ დგას. ეს შენობები ექსპერტიზას შეფასებული ჰქონდა 522 ათას ლარად, ანუ სახელმწიფო ქონება, რომელიც შეფასებული იყო ნახევარ მილიონზე მეტად, გაქრა.

ამაზე სისხლი სამართლის საქმე მიმდინარეობს. დაკითხვაზეც იყო შარაშიძე. დეკემბერშივე მივმართეთ პროკურატურას და მოვთხოვეთ, რომ დაეკითხათ კვირიკაშვილი, რომელმაც მთავრობის სხდომაზე გასცა ეს ქონება. დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელმაც ხელი მოწერა როგორც ეკონომიკის მინისტრმა ამ ქონების გადაცემას და გიორგი გახარია, რომელიც უკვე ეკონომიკის მინისტრი იყო, როდესაც ქონება უკან ჩაიბარა სახელმწიფომ.ამ დროს შენობები აღარ იდგა მაგრამ გახარიას უწყებამ, ეკონომიკის სამინისტრომ თქვა, რომ ეს შენობები არსებობს. ჩვენ ამ სამივეს დაკითხვა მოვითხოვეთ, რომ დადგენილიყო ჭეშმარიტება. გავიდა 6 თვე. არავინ არ იცის დაკითხულია თუ არა ეს ხალხი, რა მიმართულებით მიდის საქმე, იმიტომ, რომ საქმე აღძრულია, კვალიფიკაცია მიცემული აქვს, კონკრეტული დამნაშავე ზედაპირზე დევს და ამ საქმე უნდა ბოლომდე მიყვანა. ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ შემაქვს პროკურატურაში განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ მოვითხოვ მათ დაკითხვას და ინფორმაციას არიან თუ არა ისინი დაკითხული, რა ეტაპზეა საქმე და თუ არ არიან რატომ არ არიან" განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა "პირველ რადიოსთან" საუბარში. 

ამავე თემაზე