„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“- ბიზნეს სექტორს ახალი ინიციატივა გააცნეს
2018-06-06 15:26:49 · ამობეჭდვა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ბიზნეს-სექტორს წარუდგინა მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ღონისძიების თანაორგანიზატორი ასევე აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა იყო.

შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა გახსნეს. ღონისძიების მიზანი ბიზნეს-სექტორისთვის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის (რომლებიც ეწევიან ბიზნეს-საქმიანობას) ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აფხაზეთის ა/რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრმა კომპანიებმა.

ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოებასა და გამარტივებას ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; განათლების მისაღებად დამატებითი შესაძლებლობების შექმნას და წვდომის გამარტივებას განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; ისეთი მექანიზმის შექმნას, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა (უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო სივრცე).

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც დამსწრე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით კითხვები დაესვათ და პასუხები ადგილზე მოესმინათ.

„შეხვედრას ესწრებიან აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიები. ეს არის ის კომპანიები, რომლებიც იძულებით დევნილ პირთა მიერ არის დაფუძნებული და ძალიან წარმატებული კომპანიებია. ვფიქრობთ, პირველ რიგში, მათთვის არის ეს ინიციატივა საინტერესო, თუმცა მათ გარდა, შეხვედრას ესწრებიან ჩვენი წევრი და არაწევრი ქართული კომპანიები, რომლებიც ასევე დაინტერესებული არიან ამ ინიციატივით. ეს არის პლატფორმა საჯარო-კერძო დიალოგის, რომელსაც სავაჭრო-სამრეწველო პალატა ახორციელებს პერმანენტულად და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება პირველი გაცნობა კერძო სექტორისთვის. ჩვენ ასევე, გავაგრძელებთ უფრო ფართომასშტაბიან პრეზენტაციებს, რომ ყველამ გაიგოს, თუ რას ემსახურება ეს ინიციატივა, რათა ჩვენმა თანამემამულეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ ინიციატივისგან მიიღონ მაქსიმალური სარგებელი“, - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველჰყო მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ (IHK), საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან საპარტნიორო პროექტის ფარგლებში.





გაზიარება და მოწონება