2018-03-21 14:38:14
გრიგოლ ვაშაძე დაიბარეთ - თალაკვაძე "ენმ"-ს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, ფრაქციის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ნაცვლად გრიგოლ ვაშაძე დაიბარონ და რუსეთისთვის მიწერილ წერილზე განმარტებები სთხოვონ:

„გადაეცით გრიგოლ ვაშაძეს, რომ შეუძლია, მშვიდად იყოს და მშვიდად ისაუბროს. მე თუ მკითხავთ, იმ წერილის შემდეგ, რომელსაც წარმოგიდგენთ, არა მიხეილ ჯანელიძე, არამედ გრიგოლ ვაშაძე უნდა დაიბაროთ თქვენს ფრაქციაზე და პასუხი მოთხოვოთ წერილზე, რომელიც მან 2008 წლის ნოემბერში მისწერა რუსეთის ფედერაციას. ის, როგორც მინისტრი, ხელს აწერს ამ განცხადებას, ტექსტს გადმოგცემთ, გაეცანით. აგვისტოს ომიდან ორ სამ დღეში, როდესაც ჩვენი ჯარისკაცების გადმოსვენება არ იყო დასრულებული, როდესაც ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები გაცილებული არ იყო, ბატონი ვაშაძე წერს რუსეთის ხელისუფლებას ენამოჩლექილ წერილს, სადაც რუსეთის ხელისუფლებას ეხვეწება საკონცერტო დარბაზების გამოყოფას, ალაფურშეტის დაფინანსებას და ამდაგვარ საკითხებს. გასტროლებთან დაკავშირებით აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ წერილში. შესაბამისად ახლა თუ ვინმე კაპიტულაციას აკეთებს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, თუ ვინმე თავდახრილი იდგა რუსეთს ხელისუფლების წინაშე, განსაკუთრებით იმ ომის დროს, როდესაც უმძიმესი დანაკარგები მიიღო ქვეყანამ, ეს იყო გრიგოლ ვაშაძე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე