2018-03-14 12:47:37
პრემიერ-მინისტრმა ძალიან გაბედული და თამამი ნაბიჯი გადადგა - სესიაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან გაბედული და თამამი ნაბიჯი გადადგა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით.

"ფართო კონტექსტში უნდა შევხედოთ იმას, რაც პრემიერმა თქვა. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო თამამი და გაბედული ნაბიჯი. პირველ რიგში, ჩვენ ვერ შევეგუებით ვერც ოკუპაციას და ვერც იმ მოცემულობას, როცა კონფლიქტის მოგვარებისთვის სივრცე არ არსებობს, რომ პრობლემა გადაწყდეს. პრემიერმა გადადგა ძალიან თამამი და გაბედული ნაბიჯი. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ. უნდა გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, კომუნიკაციის საშუალება, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ და უზრუნველვყოთ. შეიძლება ეს ვიღაცას არ მოეწონა, განსაკუთრებით იმ ოპონენტებს, რომლებსაც თავის მხრივ, თავისი პოლიტიკური ცოდვები აქვთ და სურთ დაიცვან ის მოცემულობა, რომელიც თავად შექმნეს, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს. ჩვენ არ ვართ ხელისუფლება, რომელიც ამ მოცემულობას შეეგუება, ნაბიჯები უნდა გადავდგათ. შეიძლება პოლიტიკურად იყოს არამომგებიანი, მაგრამ როცა საუბარია სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე, ვიწროპოლიტიკურ ინტერესებზე ნაკლებად ვამახვილებთ ყურადღებას", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამავე თემაზე