არ არის გამორიცხული, დამწვარ ხატებსა და წიგნებს შორის მართლმადიდებლურიც იყო - მიტროპოლიტი თეოდორე
2018-03-14 11:34:43 · ამობეჭდვა

ვალეში კათოლიკურ სიწმინდეებთან ერთად შესაძლოა მართლმადდიებლური ხატებიც დაეწვათ.- აცხადებს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე. მიტროპოლიტი მომხდარს ვანდალიზმად აფასებს და ამბობს, რომ ფაქტის დროული გამოძიება უნდა მოხდეს.

“ახალციხის მუნიციპალიტეტის დაბა ვალეში მცირე სალოცავთან კათოლიკური ხატებისა და ლოცვის წიგნების დაწვის ფაქტი ვანდალიზმია, რასაც გამოძიებამ პასუხი აუცილებლად დროულად უნდა გასცეს. არ არის გამორიცხული, რომ დამწვარ ხატებსა და წიგნებს შორის მართლმადიდებლურიც იყო, რადგან ეს ისეთი ადგილია, სადაც მსახურება არ აღევლინება და აქ სანთლის დასანთებად მართლმადიდებლებიც დადიან. მომხდარი ან შეგნებული პროვოკაციაა, ან ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანის ნახელავი” – მიტროპოლიტის სიტყვებს საპატრიარქო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეს წმიდა ნინოს სახელობის სამლოცველოსთან უცნობმა პირებმა კათოლიკური ხატები და ლიტერატურა დაწვეს. მომხდარზე შსს-მ გამოძიება რელიგიური გაერთიანების მუშაობაში ხელშეშლის მუხლით დაიწყო.





გაზიარება და მოწონება