2018-03-14 11:24:19
შშმ პირთა საკურორტო პროგრამაში თანხის შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

თბილისის მერიის შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა. როგორც საგამოძიებოს სამსახურში აცხადებენ, გამოძიება 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს. 

შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ერთ-ერთი პროგრამაა. პროგრამით მოსარგებლე ერთ-ერთი შშმ ბავშვის მშობელი აცხადებს, რომ ამ პროგრამით მათ  2016 წელს ისარგებლეს და ურეკში დაისვენეს. 2017 წელს  პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადი ისევ გააკეთეს, თუმცა მერიიდან არავინ დაკავშირებიათ.

მშობელის თქმით, პროგრამას ორი მიმართულება აქვს: ან ირჩევ სასტუმროს, რომელიც ტენდერით მერიამ შეარჩია, ან იღებ 400-ლარიან ვაუჩერს. მისი თქმით, რადგან ვაუჩერი საკმაოდ მწირია და არასაკმარისი დასასვენებლად, სასტუმროს მომსახურებას ირჩევდა. მისივე თქმით, გუშინ მათ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ. 

„მიუხედავად იმისა, რომ არ მისარგებლია წინა წელს ამ პროგრამით, აღმოჩნდა რომ სიაში ვიყავი. თითქოს მე და ჩემი შვილი დასასვენებლად ვიყავით, მაშინ, როცა ასე არ ყოფილა. არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი იმ სიაში. დამირეკეს და მივედი დაკითხვაზე, აინტერესებდათ, ვიყავი თუ არა დასასვენებლად. მაჩვენეს სია. საკმაოდ გრძელი სია იყო.

ნათელია, რაც მოხდა, თითქოს მე და ჩემი შვილი ვიყავით დასასვენებლად და ამ დროს ვიღაცამ ჯიბეში ჩაიდო ის ფული. არ გამკვირვებია, რაც მოხდა. კითხვები აქვს საგამოძიებო სამსახურს და იმედია, გაარკვევენ" აცხადებს მშობელი. 

თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომსაგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობენ და მათ მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტაცია მიაწოდეს. სხვა კომენტარს მერიაში ამ ეტაპზე არ აკეთებენ და გამოძიების შედეგებს ელოდებიან. 

წყარო "ლიბერალი"

ამავე თემაზე