სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-03-14 00:18:37
,,,კვირიკაშვილი პოლიტიკურად დასრულებულია..." - ,,პოლიტიკური პანაშვიდი", ეს უკვე ტაქტიკის თემაა"

კვირიკაშვილი პოლიტიკურად დასრულებულია - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და ამბობს, რომ მისი წასვლა თანამდებობიდან მხოლოდ ტექნიკური საკითხია. შეიცვლება თუ არა პრემიერ მინისტრი საპრეზიდენტო არჩევნებამდე- ამ თემაზე საუბრისას ხუხაშვილი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ორი ძირითადი ტაქტიკა არსებობს და რომელს გამოიყენებს მმართველი გუნდი, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მზად არის გუნდი ცვლილებებისთვის:

"წინასაარჩევნოდ ორი ძირითადი ტაქტიკა შეიძლება არსებობდეს. ერთი, რომ როდესაც პრობლემებია და მმართველობითი სისტემის პრობლემა არსებობს, ეს ყველასთვის ცნობილია და ხელისუფლებაც აღიარებს მგონი ამას, ამ შემთხვევაშ შეიძლება არჩევნებამდე სერიოზული რეორგანიზაცია მოახდინო აღმასრულებელი ხელისუფლების, მოიყვანო ახალი გუნდი და შექმნა ახალი იმედები და ამ ახალი იმედების ბაზაზე არჩევნები ჩაატარო წარმატებით. არსებობს ამის საპირისპირო ტაქტიკაც. თუ ესეთი გუნდი, რომელიც ახალ მოლოდინებს და იმედებს გააჩენს, არ გყავს, მაგრამ ცვლილებების საჭიროებას მაინც ხედავ, გირჩევნია, რომ როგორმე არჩევნებამდე მიაგორო ეს რაც არის და უკვე არჩევნების შემდეგ ჩაატარო აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმირება. ორივე ტაქტიკას აქვს არსებობის უფლება და ახლა მოხდება, თუ არჩევნების შემდეგ, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მზად არის გუნდი ხელისუფლების გადაბარებისთვის. რომელ გზას აირჩევენ, თავს შევიკავებდი ამაზე ლაპარაკისგან

კვირიკაშვილი პოლიტიკურად დასრულებულია და ამას ის ყველა თავის ქმედებით უსვამს ხაზს.- პარლამენტში გინებიდან დაწყებული , ბევრი არაადეკვატური ნაბიჯი გადადგა ამ ბოლო დროს და ბოლოს დააგვირგვინა ამ აბსოლუტურად ბრიყვული წერილით . ის შეგუებულია ამ აზრს, დანარჩენი ყველაფერი ტექნიკური საკითხებია. როდის გაიმართება მისი "პოლიტიკური პანაშვიდი", ეს უკვე ტაქტიკის თემაა",- განაცხადა გია ხუხაშვილმა "პირველ რადიოსთან" საუბარში.   

კითხვაზე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ  გიორგი კვირიკაშვილი ამთავრებს პოლიტიკურ კარიერას და მისი ხელით ხდება ყველა კრიტიკული ნაბიჯის გადადგმა, ხუხაშვილი არაფერს გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ბევრი თეორია შეიძლება არსებობდეს და თუ ეს ასეა, იქმნება საფუძველი მის წასასვლელად:

- უფრო საფუძველი იქმნება მისი წასვლის. თუ ვიღაცას გადაწყვეტილი აქვს ვიღაცის გაშვება, პოლიტტექნოლოგიაში ასეთი რაღაც არსებობს. მაგრამ პრემიერ მინისტრის წასვლა, კითხვებს ბადებს. გვახსოვს ჩვენ ღარიბაშვილის ეპიზოდი. ერთ დღეს გრანდიოზულ გეგმებზე ისაუბრა მეორე დღეს გამოვიდა და თქვა გადავდექიო. საზოგადოებაში ამან გააჩინა კითხვები. კვირიკაშვილის შემთხვევაში, თუ ის უნდა წავიდეს, იმისათვის რომ საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები, იქმნება საფუძველი." აცხადებს ხუხაშვილი.

რაც შეეხება სკანდალურ წერილს, რომელიც პრემიერმა მოსკოვში გაგზავნა, პოლიტოლოგი თვლის, რომ შესაძლოა პრემიერმა გუნდთან შეათანხმა , რომ წერილის გაგზავნას აპირებდა, თუმცა პრობლემად იქცა შინაარსი, რომელიც სავარაუდოდ შეუთანხმებელი იყო:

"შეიძლება მან შეათანხმა, რომ აპირებდა მიმართავს რუსეთის ხელისუფლებისთვის, რაც გასაკვირი არ იქნებოდა, შეიძლება თქვა, რომ ტატუნაშვილის გადმოცემაზე მინდა მივმართო რუსეთის ხელისუფლებასო და ამაზე ვინ ეტყოდა უარს? მან იდეაში შეათანხმა, მაგრამ კონკრეტული ტექსტი არ შეუთანხმებია. აქ ხომ მთავარი პრობლემაა წერილის შინაარსი, რომელიც ტატუნაშვილის საკითხს ძალიან შორს გასცდა და სახელმწიფოებრივი ვექტორის პრობლემა შეგვიქმნა." განაცხადა გია ხუხაშვილმა "პირველ რადიოსთან" საუბარში.

ამავე თემაზე