გორში რძის გადამამუშავებელი საწარმო „ნებიერა“ იხსნება
2018-02-13 17:11:10 · ამობეჭდვა

2018 წლის 14 თებერვალს, 11:00-ზე, ქ.გორში (მის: დანიელ ჭონქაძის #3, კომბინატის დასახლება) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რძის გადამამუშავებელ საწარმო „ნებიერას“ გახსნიან. ღონისძიებას ქალაქ გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში კახა სამხარაძე, გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი დაესწრებიან.

საწარმო ნებიერა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში 2018 წელს დაფუძნდა, თუმცა უკვე რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს. ქარხნის დაფუძნების იდეა დუალური განათლების მოდელზე იყო მორგებული და ის გორის უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამისა და კოლეჯი „განთიადის“ შესაბამისი სფეროს (რძის გადამამუშავებლის ტექნოლოგის პროგრამა) სტუდენტებისათვის სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფას ემსახურებოდა. პარალელურად „ნებიერა“ რძის პროდუქციას აწარმოებდა, რომლის რეალიზებაც ძირითადად შიდა ქართლში ხდებოდა. საწარმო დღეიდან დუალური პროფესიული განათლების სისტემის ხელშეწყობის პრაქტიკას აღადგენს, რაშიც მას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაეხმარება. დუალური განათლების სისტემის გერმანული მოდელის მიხედვით სტუდენტებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინატორის როლს სწორედ სავაჭრო პალატები ითავსებენ. საქართველოში წარმატებული გერმანული მოდელის პილოტირების მიზნით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა 2018 წელს საკოორდინაციო საბჭოს ჩამოაყალიბებს, რომელიც დუალური პროფესიული განათლების სისტემის ხელშეწყობის მიზნით სამ მხარეს შორის მედიატორის როლს შეასრულებს.

საწარმო „ნებიერა“ ხელახალ გახსნამდე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბალანსზე ირიცხებოდა, თუმცა ამჟამად იჯარით ადგილობრივ მეწარმეს ირმა კიტრიაშვილს გადაეცა, რომელიც ქარხნის მუშაობის განახლებასთან ერთად დუალური პროფესიული განათლების განვითარებისხელშეწყობის ვალდებულებასაც იღებს. ამ დროისთვის ქარხანაში 15-მდე ადგილობრივია დასაქმებული.





გაზიარება და მოწონება
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე