სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-02-13 16:13:09
"გავიგეთ, რომ ძალიან მაგარი გარდერობი და „სელფის“ ჯოხი აქვს... ვიღაც ხმალაძეები და „ტიპები“ ჰყავს..."- ელისაშვილი

ინიციატივა ტაქსების რეგულირებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაგებაში არ არიან, რას აკეთებენ, - აცხადებს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი. ელისაშვილის კახა კალაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ტაქსის მძღოლებს საშუალება უნდა მიეცეთ, გარკვეული წლოვანების ავტომობილების შემოსაყვანად ბანკიდან თანხები აიღონ. 

"წარმოდგენა არ აქვთ ამ ქალაქში გადასადგმელი ნაბიჯების რიგითობაზე და თანამიმდევრობაზე. მეც ვემხრობი, რომ ტაქსების რეგულაცია საჭიროა, მაგრამ ეს ერთ-ერთი ბოლო საკითხია, რომელიც უნდა გააკეთო ქალაქში ტრანსპორტის მოწესრიგების თვალსაზრისით. ეს ადასტურებს, რომ კალაძეს არაპროფესიონალები ჰყავს შემოკრებილი. თვითონაც პოლიტიკოსია და ამ ურბანულ საკითხებში ვერ ერკვევა, მაგრამ გუნდი მაინც უნდა ჰყავდეს ისეთი, ვინც იცის ასეთი საკითხები და ვისაც ჭკუა მოეკითხება და იცის, რა რის მერეა გასაკეთებელი ტრანსპორტში. გადმოიყვანა ენერგეტიკის სამინისტროდან ადამიანები, რომლებმაც წარმოიდგინეს, რომ რადგან კალაძემ არჩევნებში გაიმარჯვა და მთავრობაში არიან, ყველაფერი კარგად ესმით. ტაქსებს უნდა მიხედო ბოლოს, მას შემდეგ, რაც მიხედავ ტრანსპორტის სფეროში სხვა საკითხებს, სატრანსპორტო სისტემას ახლებურად დაარეგულირებ და ა.შ. როგორც პოლიტიკოსისთვის, ჩემთვის კარგია ეს ამბავი, რადგან გადაიმტერებენ ამომრჩეველს, მაგრამ როგორც ამ ქალაქის მცხოვრებისთვის, ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან ქალაქი დაზარალდება. ამ მიდებულ-მოდებული და ქაოტური გადაწყვეტილებებით, ისევ ქალაქს შეექმნება პრობლემები, თორემ მე რა... შემიძლია გარედან დავდგე და ვიცინო, როგორ უთავბოლოდ ეხეთქებიან აქეთ-იქით. კალაძემ თავისი გარდერობის დემონსტრირებას და „სელფებით“ კეკლუცობას, სჯობს, რომ ერთი-ორი პროფესიონალი აიყვანოს. გავიგეთ, რომ ძალიან მაგარი გარდერობი და „სელფის“ ჯოხი აქვს, რომელსაც ყოველდღე რთავს, მაგრამ ასე ფონს ვერ გავა და დაემხობა ეს ქალაქი ისევე, როგორც დაემხო სხვა მერებს. თვითონ არ იცის და სხვასაც არ უსმენს. ვიღაც ხმალაძეები და „ტიპები“ ჰყავს, რომლებიც „გარტყმაში“ არ არიან არაფრის და შედეგიც შესაბამისი გვაქვს. ჩემი რჩევა იქნება, რომ ტაქსებს მიხედონ 1.5-2 წლის შემდეგ, მანამდე კი აუცილებელი ნაბიჯები გადადგას. თუ არ იცის, შემიძლია დავუწერო და გადავუგზავნო და იმ ხალხის სახელები და გვარები ვუთხრა, ვინც იციან”, - განაცხადა ელისაშვილმა. 

ამავე თემაზე