"ნატო ითხოვს, რომ შეიარაღებისთვის ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ"- იზორია
2018-02-13 10:34:25 · ამობეჭდვა

"ჩვენ რეფორმების შედეგად უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, რითაც მკაფიოდ და კონკრეტულად შემიძლია ვთქვა, რომ ვაკმაყოფილებთ ნატო-ს სტანდარტებს"- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, ჟრნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში. იზორიამ იმ ოპტიმიზაციაზეც ისაუბრა, რომელიც უწყებაში განხორეციელდა:

"ჩვენ ოპტიმიზაცია დავიწყეთ იმ მიზნით, რომ თანხები მიგვემართა უმეტესწილად შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ამ თვალსაზრისით, სახელფასო ხარჯების 53% უკვე 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტით მიემართება მხოლოდ ხელფასებსა და სოციალურ დახმარებებზე, რაც არის ნატოს სტანდრატი. თუ 2015 წელს ეს იყო 66%, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ 53% გახდა. ამის შედეგად მეორე მნიშვნელოვანი სტანდარტი დავაკმაყოფილეთ, კერძოდ, მივმართეთ დიდწილად თანხები შეიარაღებაზე. თქვენ იცით, რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს, რასაც ვაკმაყოფილებთ და მეტიც, შეიარაღებისთვის ნატო ითხოვს, რომ ამ ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ, რაც არის ისტორიული მოვლენა. ისტორიული მოვლენაა სწორედ ის, რომ წელს შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, საუბარია "ჯაველინის" სისტემებზე. წელს ვასრულებთ საფრანგეთთან ანტისაჰაერო სისტემის შეძენას, რომელიც პირველი ფაზით იყო გათვალისწინებული და გადავდივართ მეორე ფაზაზე. ეს ყველაფერი კეთდება იმ მიზნით, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს, ნატოს სტანდარტებს დაუახლოვდეს და თითოეულმა მოქალაქემ თავი იგრძნოს უფრო დაცულად", - განაცხადა იზორიამ.





გაზიარება და მოწონება