აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებს აღრიცხვა-ანგარიშგების სფეროში მიმდინარე რეფორმა გააცნეს
2018-01-25 17:07:26 · ამობეჭდვა

2018 წლის 25 იანვარს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცენტრალურ ოფისში, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა იური დოლიძემ გახსნეს.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის მიმოხილვა. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ანგარიშგებასთან დაკავშირებული კანონის მოთხოვნები და მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი. ეს შეხვედრა მსს ფასს სტანდარტის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის გამიზნულ ღონისძიებათა ციკლის ნაწილია და აღრიცხვა-ანგარიშგების სფეროში მიმდინარე რეფორმისა და მსს ფასს სტანდარტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა კონკრეტული საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში აქტიურად არის ჩართული. შესაბამისი პრეზენტაცია უკვე გაიმართა პალატის საბჭოს წევრებთან, სადაც 36 მსხვილი ბიზნეს-ასოციაციაა გაერთიანებული. ასევე, პალატის ორგანიზებით შედგა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან ბათუმსა და ქუთაისში.

დღეს გამართულ შეხვედრას აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის 20 წარმომადგენელი ესწრებოდა. კანონით, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შემადგენელი ნაწილია. მისი წარმომადგენლობა ქვეყნის მთელს ტერირორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დროებით განთავსებულია დედაქალაქში. აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები წესდების შესაბამისად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებიც არიან.





გაზიარება და მოწონება