2018-01-24 00:10:07
საქართველოს და რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლობა? - კადიროვის ბატალიონი ,,ვასტოკი“ და გროზნოს მერი

გროზნოს მერის და რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრის, მუსლიმ ხუჩიევის გასაიდუმლოებულ ვიზიტს საქართველოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აფასებს. "პირველ რადიოსთან" საუბარში შაშკინი ამბობს, რომ ხუჩიევის ვიზიტი თავმოყვარე სახელმწიფოს და საზოგადოების ჩარჩოებში არ ჯდება. შაშკინმა მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ჩამოსვლაც გაიხსენა:

"პრობლემა და უბედურება არის იმაში, რომ საქართველოში შემოდის ხალხი სხვადასხვა მიზნებით, რომლებიც არიან ჩვენი მტრები, რომლებსაც ამ ქვეყნისთვის მოუტანიათ მხოლოდ და მხოლოდ ბოროტება და ტკივილი. მე საერთოდ არ მესმის რატომ დაავიწყდა საზოგადოებას, რომ 2008 წლის ომის აქტიური ფაზის დროს, პირველი ვინც შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე იყო კადიროვის პირადი ბატალიონი "ვასტოკი", რომელიც მოდიოდა პირველ რიგში და რომლის ხელებზე არის უამრავი სისხლი, რომელიც ესროდა, როგორც მშვიდობიან მოსახლეობას, ასევე ჩვენ ჯარს. სულ 8 წელი გავიდა ამის შემდეგ და საქართველოში ჩამოდის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს და არც მალავს ამას, კადიროვის უახლოეს გარემოცვას, მას იცავს სახელმწიფო დაცვა, ქართველები იცავენ. როგორც კადრებში ვნახეთ, ამ ადამიანს დაყვებოდა ქართული სახელმწიფო დაცვა, ადამიანს, რომელიც ჩვენი დაუძინებელი მეტრია და რომელმაც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ეს ხალხი ჩამოდის და გადაადგილდება ჩვენს ტერიტორიაზე. მეორე საკითხია უკვე, რა მიზეზით ჩამოვიდა. ფაქტი, რომ ასეთი ადამიანი ჩამოდის საქართველოში, არ მესმის რანაირად უნდა ჯდებოდეს თავმოყვარე სახელმწიფოს ჩარჩოებში. იგივე ლუჟკოვი, რომ ჩამოვიდა და დადიოდა ტურისტივით, ადამიანი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა აგრესიული რიტორიკით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ახლა ჩამოდის ადამიანი, რომელიც იმ გარემოცვიდან არის, ადამიანი, რომელიც ჩვენ ხალხს ხოცავდა, გვესროდა. მარტო სიტყვებით კი არა, ტყვიებს გვესროდა. ეს ჩემთვის მართლა მიუღებელი და გაუგებარია, როგორ შეიძლება ასეთი რაღაც საზოგადოებამ მიიღოს." აცხადებს შაშკინი.

რაც შეეხება თავად ვიზიტს. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ის ბოლო დროს საქართველოში ჩატარებულ სპეცოპერაციებს იმის გათვალისწინებით, რომ ჩეჩნეთის ლიდერმა განცხადებაც გააკეთა საქართველოში ტერორისტების შემოსვლის თაობაზე, შაშკინი ამბობს, რომ როდესაც საქმე ეხება ტერორიზმს შესაძლოა,. რომ  ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურებმა ითანამშრომლონ ერთმანეთთან, თუმცა არა პოლიტიკური ფიგურების დონეზე:

"თუ ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცა ანტიტერორისტულ ოპერაციაზე, მე მესმის, რომ ჩვენ სპეცსამსახურებს ექნებათ კონტაქტები სხვადასხვა სპეცსამსახურებთან მათ შორის სავარაუდოდ მათ აქვთ კონტაქტები რუსეთის უშიშროებასთნ. მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ის არის გროზნოს მერი, არ წარმოადგენს ადამიანს, რომელიც ზრუნავს რუსეთის უშიშროებაზე. ის არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, ისევე როგორც კადიროვი და გამართლება, რომ ის ჩამოდის როგორც ჩვეულებრივი ტურისტი, აბსოლუტურად მიუღებელია. გასაგებია, რომ არ აფიშირებენ, მაგრამ ეს არის სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობა და არა პოლიტიკურ თანამდებობის ფიგურებთან, რომლებიც ჩამოდიან ჩვენთან, რომლებიც 8 წლის წინ ტყვია გვესროდნენ ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს სახლში" განაცხადა დიმიტრი შაშკინმა "პირველ რადიოსთან" საუბარში. 

 

ამავე თემაზე