GGF-ის ფარგლებში შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიაში შეხვედრა გაიმართა
2018-01-23 16:30:24 · ამობეჭდვა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ ბაიბურთმა ბრიტანელ ექსპერტთან, CTA- ეკონომიკისა და ექსპორტის ანალიზის ცენტრის დირექტორთან, მარკ ჰელიერთან ერთად ქალაქ რუსთავში მდებარე შესაფუთი მასალების მწარმოებელი ქარხანა „კაუკასპაკი“ მოინახულა და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. „კაუკასპაკი“ პალატის მიერ დაარსებული შემფუთველი კომპანიების კლასტერის წევრია. კლასტერში გაერთიანებული კომპანიები Good Governance Fund-ის ინიციატივის ფარგლებში პროდუქციის დახვეწის მიზნით გადამზადებას ეტაპობრივად გადიან.

„ჩვენი პროექტის ფარგლებში შესაფუთი მასალების მწარმოებელი 7 კომპანია უკვე 8 თვეა სამუშაო ჯგუფის რეჟიმში მუშაობს. მათ გაიარეს ტრენინგები და ამ ფორმატში აქვთ მუდმივი კომუნიკაცია დარგის საერთაშორისო ექსპერტებთან, რომლებიც მათ წარმოების შესახებ მუდმივად უწევენ კონსულტაციას. დღევანდელი შეხვედრა საინტერესო იყო იმით, რომ შეხვედრებმა საკონფერენციო ოთახიდან უკვე უშუალოდ ქარხნებში გადმოინაცვლა და ექსპერტებს საშუალება აქვთ წარმოებას ადგილზე გაეცნონ და საკუთარი შენიშვნები თუ რჩევები მწარმოებლებს ადგილზე გაუზიარონ. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა გეგმავს ხელი შეუწყოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციის დაარსებას, სადაც ამ სამუშაო ჯგუფში შემავალი კომპანიები იქნებიან გაერთიანებულნი. პალატა ასოციაციის თანადამფუძნებელი იქნება.“ - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა გრიგოლ ბაიბურთმა შეხვედრის მიმდინარეობისას.

Good Governance Fund-ი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, დევიდ ქემერონის ინიციატივაა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დღემდე ხორციელდება. მისი მთავარი იდეაა, პროგრამაში ჩართული ქვეყნების ბიზნეს-სექტორებს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვაში დაეხმაროს. საქართველოში Good Govermance Fund-ის კოორდინატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაა. ის მისიას Price Waterhouse Coppers (PWC)-ის ხელშეწყობით ახორციელებს. სურსათის შემფუთველი კომპანიების სამუშაო ჯგუფი სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა და მას პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ ბაიბურთი ხელმძღვანელობს. ინიციატივის განხორციელების პროცესს საქართველოში მხარს უჭერს ბრიტანეთის საელჩო.





გაზიარება და მოწონება