სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-01-20 18:26:29
პოლიტიკური თანამდებობის პირის შესაძლო ჩართულობა - არასამთავრობოები კლუბ "ბასიანთან" მომხდარი ინციდენტის გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვენ 

არასამთავრობო სექტორი რამდენიმე დღის წინ, კლუბ "ბასიანთან" მომხდარ დაჭრის ფაქტს,  საგანგებო განცხადებით ეხმაურება და საქმეში პოლიტიკური თანამდებობის პირის შესაძლო ჩართულობაზე საუბრობს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმე სასამართლოს მიმართ გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მართლმსაჯულების სისტემა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის კუთხით სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. 

განცხადებაში განხილულია საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბადრი შონიას, გადაწყვეტილება, რომელმაც მძიმე დანაშაულში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

"საქმის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ეჭვები იმ ფაქტმა გაამძაფრა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული „პრივილეგირებული ოჯახის” წევრია, რაც ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი მართლმსაჯულების სისტემის პირობებში ქმნის შესაძლებლობას, საქმის წარმოება მიკერძოებულად წარიმართოს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ საქმეში შესაძლოა, ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი.

იმისათვის, რომ გაქარწყლდეს საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები შერჩევითი მართლმსაჯულების თაობაზე და მართლმსაჯულების სისტემაში პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩარევასთან დაკავშირებით, აუცილებელია, უზრუნველყოფილ იქნას საქმის სრულყოფილი, ობიექტური და სწრაფი გამოძიება," - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

ამავე თემაზე