საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულის დაპატიმრებით ჩემს გაჩუმებას ცდილობენ - სააკაშვილი 
2018-01-13 16:22:30 · ამობეჭდვა

საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს, რომელიც ოდესაში მეხმარებოდა, აპატიმრებენ, ის არაფერ შუაშია, მთელი ისტორია მე მეხება, ჩემს გაჩუმებას ცდილობენ - ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის თემურ ნიშნიანიძის სასამართლო პროცესზე გააკეთა.

სააკაშვილის თქმით, ნიშნიანიძეს აპატიმრებენ შვიდი წლის წინანდელი „საქმის“ გამო, მაშინ როცა მას დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკური დევნა უწოდა.

„ერთხელ ვთქვი, რომ თემურის ბედი იმაზეა დამოკიდებული, გავჩუმდები თუ არა. მე, რა თქმა უნდა არ გავჩუმდი. 1961 წლის ვენის კონვენციის მიხედვით, მსოფლიოში არსად არ დაუპატიმრებიათ დიპლომატი. მე არ ვიცი პოროშენკო რომელ უმაღლესში სწავლობდა. პირველივე კურსზე ასწავლიან, რომ არ შეიძლება დიპლომატის დაპატიმრება დიპლომატიური ფუნქციის შესრულებისას განხორციელებული საქმიანობის გამო. ჩემთან დაკავშირებით მან საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმა დაარღვია და მოქალაქეობის გარეშე დამტოვა, თემურთან დაკავშირებით კი პირდაპირ ირღვევა ვენის კონვენცია დიპლომატიურ სამსახურთან დაკავშირებით. მსოფლიოში არსად არ ასამართლებენ დიპლომატებს, ისინი დიპლომატიურ იმუნიტეტს იყენებენ. ველური, ლუცენკოსავით ოროსანი უნდა იყო, გაუნათლებელი, თუმცა განათლებაც არაფერ შუაშია, სინდისი არ უნდა გქონდეს. ლუცენკო ქურდია. რაც აქ ხდება პირდაპირი დარღვევაა საერთაშორისო უფლებების.

ეს სუფთა პოლიტიკური საქმეა. ვენის კონვენციის მიხედვით, თემური 10-ჯერ უარესი დამნაშავეც რომ იყოს, მისი გასამართლება არ შეიძლება. ესენი ოროსანი ქურდები არიან, რომლებმაც არ იციან ელემენტარული კანონები და კონვეციები. მათთვის კანონი არ არსებობს.

მე გამაფრთხილეს, რომ მას დააპატიმრებდნენ და აი, აპატიმრებენ. მე ჩემს მორალურ ვალდებულებად ვთვლი ამ ადამიანს მხარი დავუჭირო, ვინაიდან ვიცი სად არის ძაღლის თავი დამარხული. ის საერთოდ არაფერ შუაშია. მთელი ისტორია მე მეხება და ჩემს გაჩუმებას ცდილობენ“, - განაცხადა ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა.

კიევში დღეს საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის თემურ ნიშნიანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. ნიშნიანიძეს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისება, შეთქმულება და არაკანონიერი შემოსავლების გათეთრება.





გაზიარება და მოწონება
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე