2018-01-12 18:50:53
"საქართველოს მთავრობა, „ქართული ოცნება“ და პირადად პრემიერი კვირიკაშვილი არიან პასუხისმგებლები აფგანის უკანონო პატიმრობაზე"-ლეილა მუსტაფაევა

„ჩვენ უკვე მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აგვისტოში. მუხთარლის საქმე პრიორიტეტულ საქმეთა სიაში მოხვდა. ამიტომ გადაწყვეტილების ლოდინი დიდხანს არ მოგვიწევს,“ - ეს განცხადება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლემ ბელაქნის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

ლეილა მუსტაფაევა „რუსთავი 2“-თან საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი მისი მეუღლის დაპატიმრებაზე. ლეილა მუსტაფაევას თქმით, აფგან მუხთარლი ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველებმა გადაიყვანეს.

„რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა და პარტია „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია აფგანის დაპატიმრებაზე, რადგან მისი გატაცება დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოში და შემდგომ პროცესი გაგრძელდა აზერბაიჯანში. მუხთარლიმ დაადასტურა, რომ საზღვარზე ის ქართველებმა გადაიყვანეს. დღემდე არც პოლიციას და არც პროკურატურას არ მოუხდენია რეაგირება ჩემს განცხადებაზე. დღემდე არ ვიცით ვინ იყო ოფიციალურად ჩართული აფგანის გატაცების პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ აფგანს შეუძლია ამ ადამიანების ამოცნობა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, „ქართული ოცნება“ და პირადად, პრემიერი კვირიკაშვილი არიან პასუხისმგებლები აფგანის უკანონო პატიმრობაზე,“ - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

ბელაქნის სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიება მას კონტრაბანდას, საზღვრის უკანონო კვეთას და მესაზღვრეების დაუმორჩილებლობას ედავება.

ამავე თემაზე