"ჩვენ ვდგავართ ფუნდამენტალიზმის საფრთხის წინაშე" - ხელისუფლება და საპატრიარქო
2018-01-12 18:48:09 · ამობეჭდვა

საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტს ეხება, "პირველ რადიოსთან" საუბარში თეოლოგი ვლადიმერ ნარსია ეხმაურება. მისი თქმით, იმ სასულიერო პირებს, რომლებიც დღეს ხელისუფლებას ულტიმატუმით ელაპარაკებიან, ამ საკითხზე ახალი არაფერი უთქვამთ და შესაბამისად საინტერესოა რატომ გახდა მათი განცხადებები დღეს ასეთი აქტუალური. ნარსია აცხადებს, რომ ეკლესიის სურვილი ჩაერიოს სახელმწიფო საქმეებსა და პოლიტიკაში, 2012 წლის შემდეგ განსაკუთრებითაა მომატებული. მისივე თქმით, თუ საზოგადოებამ სიფრთხილე არ გამოიჩინა, ფუნდამენტალიზმისკენ წასვლის რისკები დიდია:

"ჩვენ რამდენიმე წელია თვალ-ყურს ვადევნებთ ეკლესიის მომეტებულ ჩარევას სახელმწიფოს საქმეებში. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მიცემის ინიციატივა. ეს ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო. შემდეგ საპატრიარქოს მოუხდა განმარტების გაკეთება, რომ ზოგიერთი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეს ცუდად არ გაეგო პატრიარქის განცხადება. მაგალითად ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პატრიარქი წმინდა ადამიანია და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მისი შეხედულებები. კობახიძის მსგავსად განცხადებები სხვებმაც გააკეთეს. გახსოვთ ალბათ ამ ყველაფერს საზოგადოების მხრიდან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა და მერე საპატრიარქოს განმარტებები გახდა საჭირო. კონსტიტუციური მონარქიის თემაც შეგვიძლია გავიხსენოთ.

2012 წლის შემდეგ, ეკლესიის ჩარევა სახელმწიფოს საქმეებში მომეტებულად იგრძნობა. განსაკუთრებით აქტიურები არიან ფუნდამენტალისტური დაჯგუფებები რომლებიც პირდაპირ ერევიან პოლიტიკის მართვაში. ხშირად პარლამენტშიც სხედან ესენი რაღაც სამარცხვინო შეკრებებზე. დღეს მეცნიერებათა აკადემიაშიც ისხდნენ. ახლა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობაა საჭირო, რომ ასეთ ფუნდამენტალისტურ განცხადებებს გასაქანი არ ჰქონდეს. თუ სახელმწიფოს მმკ-ს და მსგავსი ფუნდამენტალისტური დაჯგუფებების მედი აქვს, მაშინ სახელმწიფო საერთოდ არ გვჭირდება ჩვენ.

ნარკოლიბერალიზაცია მნიშვნელოვანი თემაა. რა თქმა უნდა ეკლესიამ, როგორც ინსტიტუტმა პოზიცია უნდა გამოხატოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩარევა და ხელისუფლების რაღაც ჯგუფი და ეკლესია არ უნდა თანამშრომლობდნენ. როდესაც ეკლესიას სურს მისი ხედვები პოლიტიკის ნაწილი იყოს ეს დანაშაულია. ეკლესია არ უნდა გახდეს სახელმწიფო პოლიტიკის ჩამნაცვლებელი. დღეს, იმ სასულიერო პირებს ახალი არაფერი გაუჟღერებიათ. მათი პოზიცია ცნობილი იყო ისედაც და რატომ გახდა დღეს აქტუალური ეს არის პრობლემატური და მთავარი. რა სიღრმეებს მიაგნეს დღეს განსაკუთრებულს? ხვალ რომ მოულოდნელად საპატრიარქო სხვა საკითხებზეც გამოვიდეს, ხელისუფლებას ასეთი რეაქცია უნდა ჰქონდეს? ჯერ იყო და ერთი პრემიერი ამბობდა, რომ არასამთავრობოები მოგზავნილები არიან. დარწმუნებული ვარ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ არიან დიდად განსხვავებულები, მაგრამ ასეთი სისულელეები არ გაუმეორებიათ.

პატრიარქმა ისიც კი თქვა, რომ პუტინი არის ბრძენი და მას შეუძლია საქართველოში ვითარების გამოსწორებაო. ასეთი შეხედულებები პოლიტიკურ სტრატეგიად ხომ არ უნდა ვაქციოთ? ეს დამღუპველი იქნება... სახელმწიფო მოხელეები ხშირ შემთხვევაში ვერ თავისუფლდებიან საკუთარი რელიგიური ემოციური დამოკიდებულებებისგან გარკვეული სასულიერო პირების მიმართ. რელიგიური აფილაცია არავის არ უნდა აეკრძალოს, მაგრამ ეს პოლიტიკაში არ უნდა მონაწილეობდეს. სამოქალაქო საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ჩვენ ვდგავართ ფუნდამენტალიზმის საფრთხის წინაშე, დემოკრატია სუსტია, ინერციით მივდივართ და მაქსიმალური სიფხიზლეა საჭირო, რომ სადავეები არ გაგვექცეს და უცებ არ აღმოჩნდეს ისეთი ძალების ხელში, რომლებიც ქვეყანას სხვა გზით წაიყვანს." განუცხადა ვლადიმერ ნარსიამ "პირველ რადიოს"





გაზიარება და მოწონება
#ავთოსთვის

საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22. ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400 (საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33), ⭕ თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003. მიმღები – მერაბ კიკნაველიძე