ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პოზიციის შეფასებისას" />
"თუ ივანიშვილი იტყვის საწინააღმდეგოს, ისინიც იგივეს იტყვიან, თუ ივანიშვილი არაფერს ამბობს, პატრიარქი რასაც იტყვის, დაუჯერებენ პატრიარქს" - ნარკოპოლიტიკა და უმრავლესობა
2018-01-12 17:14:23 · ამობეჭდვა

საპატრიარქოს აზრი არ არის გასათვალისწინებელი - აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ ერთი ლიდერი დათო ზურაბიშვილი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პოზიციის შეფასებისას. ზურაბიშვილი "პირველ რადიოსთან" საუბარში ამბობს, რომ ის ვითარება რაც ახლა არის, ქართული რეალობისთვის ტიპიური მოვლენაა. ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლებას პოლიტიკა არ გააჩნია და ის "ავტორიტეტებზეა დამოკიდებული"

"ქართული რეალობისთვის ტიპიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ითვლება, რომ საპატრიარქო რასაც იტყვის ეს ხალხში იმდენად პოპულარულია, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობს. თავისთავად საპატრიარქოს ვერავინ ვერ აუკრძალავს ნებისმიერ საკითხზე გამოთქვას თავის აზრი და დამოკიდებულება, მაგრამ აქ საგანგაშო არის სწორედ ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულება. გასაგებია, რომ შენთვის საპატივსაცემო ინსტიტუტის წარმომადგენელიც შეიძლება გამოთქვამდეს აზრს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია არ არის ის სფერო, სადაც საპატრიარქო არის რაიმეთი კომპეტენტური და რამე გაეგება ამ საკითხის. პირიქით, მათი განცხადებები სწორედ იმას მოწმობს, რომ ძალიან ჩამორჩენილი არიან რეალობას და იმ პრობლემას რაც არის, რა შედეგებსაც იძლევა პოლიციური კონტროლი ნარკოტიკზე. პარლამენტს აქვს ელემენტარული პოლიტიკური თავმოყვარეობა და არ უნდა გაითვალისწინოს. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც პოლიტიკა არ გააჩნია და უყურებს ავტორიტეტებს. უყურებს ხან ბიძინა ივანიშვილს, თუ ივანიშვილი იტყვის საწინააღმდეგოს, იტყვიან ისინიც როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, თუ ბიძინა ივანიშვილი არაფერს არ ამბობს, პატრიარქი რასაც იტყვის, დაუჯერებენ პატრიარქ ს და არიან ასე. ეს არის ხალხი, რომელიც ავტორიტეტების შემყურეა. ყველას არა, მაგრამ უმრავლესობა მათგანს არ გააჩნია თავის აზრი." აცხადებს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, მსგავსი სიტუაცია იყო მაშინაც, როდესც პარლამენტი ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებდა, თუმცა კანონი ხელისუფლებამ მაინც მიიღო და არც ქვეყანა დაქცეულა:

"ანტიდისკრიმინაცულ კანონზეც ამბობდნენ, დაიქცევა ქვეყანაო. საპატრიარქოდან პარლამენტშიც კი იყვნენ მოსულები. პირდაპირ ამბობდნენ უამრავი ადმიანი ირბენს ქუჩებში შიშველიო. იმის მერე გავიდა ამდენი ხანი და ცხოვრება გრძელდება, ქვეყანა არ დაქცეულა და არც არავინ დარბის შიშველი. ერთადერთი ისაა, რომ რიგ შემთხვევებში სათანადოდ არს სრულდება ეს კანონი." აცხადებს ზურაბიშვილი "პირველ რადიოსთან" საუბარში და ამბობს, რომ პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული კანონპროექტზე მუშაობა აუცილებლად უნდა გააგრძელოს, დეკრიმინალიზაცია არ უნდა შეჩერდეს.

ზურაბიშვილის შეფასებით, საპატრიარქოს პოზიცია "საბჭოთა ცეკას პოზიციის მსგავსია შეიძლება სრულიად გულწრფელად, ისინი ფიქრობენ, რომ თუ ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანი ციხეშ არ ჩაჯდება, ქვეყანა გაირყვნება და დაიქცევა"





გაზიარება და მოწონება