სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
რეგიონები
2018-01-12 15:46:15
ირაკლი კეკელიას მკვლელობა - შსს განცხადებას ავრცელებს

28 წლის ირაკლი კეკელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს. დანაშაული გახსნილია, ხოლო ბრალდებული დაკავებული. დაკავებულია ასევე პირი, რომელსაც დანაშაულის დაფარვა ბრალდება. თავად მოკლული კეკელიას ცხდრის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის  დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977  წელს დაბადებული  ნ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით,  ხოლო 1990 წელს დაბადებული რ.გ., დანაშაულის დაფარვის  ბრალდებით  დააკავეს. ნ.ტ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულის დაფარვა კი ისჯება ჯარიმით ან  6 თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობით ანდა 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. 2017 წლის 31 დეკემბერს პოლიციას 1989  წელს დაბადებული ი.კ.-ს გაუჩინარების შესახებ მისმა ოჯახმა შეატყობინა. დაკარგულ პირთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის აბაშის რაიონულ სამმართველოში   შეიქმნა ძებნის საქმე და გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა). პარალელურად, მიმდინარეობდა გაუჩინარებული პირის ინტენსიური ძებნის  ღონისძიებები. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ტ.-მ 2017 წლის 31 დეკემბერს აბაშაში,  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით  სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ნაცნობს -  ი.კ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.  ნ.ტ.-მ კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე რიონში  გადააგდო. აღნიშნულ ფაქტს  შეესწრო და ნ.ტ.-ს დახმარება გაუწია რ.გ-მ., რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,  ნ.ტ. აბაშაში,  ხოლო რ.გ. ზუგდიდში  დააკავეს. ორივე ბრალდებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი სანადირო თოფი - ნივთმტკიცებად ამოიღო. ამ დროისთვის, ი.კ.-ს ცხედრის ძებნის  ღონისძიებები გრძელდება. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის  დაფარვის  ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლით)." ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამავე თემაზე