სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-01-12 09:45:33
მე-11 დღეა, თიანეთის მერიის არაკომპეტენტურობის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია -"აღმაშფოთებელია როდესაც თავად გამთბარ კაბინეტში ზიხარ..." - ქუცნაშვილი

 თიანეთის მერიის გულგრილობის და არაკომპეტენტურობის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია- ამის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილი წერს. მისი ინფორმაციით, თიანეთის მუნიციპალიტეტში უკვე 11 დღეა ეს მდგომარეობაა:

"ბოლო 4 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტი თიანეთის მერიის გულგრილობის და არაკომპეტენტურობის გამო გაჩერდა. წარმოიდგინეთ, რომ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი ავტობუსების ან მეტროს სახით, თუნდაც ერთი დღე გაჩერდეს. ეს სრულ სატრანსპორტო კოლაფსს და ხალხის სრულიად სამართლიან უკმაყოფილებას გამოიწვევდა. თიანეთის მუნიციპალიტეტში კი უკვე მე-11 დღეა, რაც ეს მდგომარეობაა. ამ დროს ადამიანს ცნობის ასაღებად, იუსტიციის სახლის ოთხასამდე სერვისიდან რომელიმეს მისაღებად, უცხოეთიდან საბანკო ანგარიშზე გადმორიცხული დახმარების მოსახსნელად, კომუნალური გადასახადის გადასახდელად, წამლის თუ საკვების შესაძენად, სოფლის ექიმის ბავშვთან ან მისი ოჯახის სხვა წევრთან გასასინჯად მისასვლელად და ასევე, ბევრი სხვა ადამიანური საჭიროებისათვის, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად სჭირდება

აღმაშფოთებელია როდესაც თავად გამთბარ კაბინეტში ზიხარ, ხოლო საკუთარი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინიტრაციულ ერთეულებში მომუშავე 30-მდე საჯარო მოსამსახურეს გაყინვისათვის სწირავ. თიანეთში მე-3 თვე დაიწყო, რაც დაბალი რგოლის თანამშრომლებს საშეშე მერქანს არ უგზავნიან. თიანელები წარსულში დაბრუნებას და მითუმეტეს, ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ“, - წერს ქუცნაშვილი.

თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური კი განმარტავს, რომ შეშის მომარაგება ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში უნდა მომხდარიყო, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას „ქართული ოცნებიდან“ ეს არ გაუკეთებია. მეჭიაურის თქმით, სატყეო სააგენტოს მერქნის გამოყოფაზე მიმართეს და პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაიჭრება.

 

ამავე თემაზე