გაწევ-გამოწევის დროს, პოლიციელებს რაცია ამოაცალეს და გაიქცნენ- დაკავებული პოლიციელის ადვოკატი "შეთითხნილ" ჩვენებებზე საუბრობს
2018-01-11 20:45:33 · ამობეჭდვა

საქმეში არსებული მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები მიზანმიმართულადაა შეთითხნილი- აცხადებს დაკავებული პოლიციელის, ბესიკ ბეგიაშვილის ადვოკატი ზურაბ ბეგიაშვილი. მისივე თქმით, პიროვნება, რომელიც დაზარალებულადაა ცნობილი, დაზიანებები არ აღენიშნება:

,,დამნაშავეები შიშის თუ სხვა მიზეზით გაიქცნენ და გარკვეული პირები ამ დროს წაიქცნენ კიდეც. შესაძლოა დაზიანებები ასეც კი მიიღეს, მაგრამ ამ დაზიანების ობიექტური ნიშნებიც კი არ არსებობს, რომ ვინმე წაიქცა და ამის შედეგად მიიღო დაზიანება. ეს დაზიანებაც კი არ არის ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც საქმეში დევს. გარკვეული ნიშნები არსებობდა სამართალდარღვევის, ხმაურის და ჩოჩქოლის, ამიტომ მოახდინა მყისიერი რეაგირება პოლიციამ. რაც შეეხება რაციას, ე.წ საკავშირო საშუალებას, ამ გაწევ-გამოწევის დროს, როდესაც ამ პირებმა დაიწყეს ზეწოლა პოლიციელების მიმართ, საკავშირო საშუალება ამოაცალეს პოლიციას და გაიქცნენ ამ საშუალებასთან ერთად. პოლიციელებმა რომ ნახეს, რომ ისინი უკვე სუსტები იქნებოდნენ ამდენი პირის წინააღმდეგ, დაიწყეს იმ ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება, რომელიც პოლიციის შესახებ კანონით მათ ეკისრებათ და მოქმედებდნენ კანონის ჩარჩოებში.

მაქვს ეჭვი, რომ საქმეში მოთავსებულია არასწორი და მიზანმიმართულად შეთითხნილი მტკიცებულებები. ფაქტი მოხდა ორი-სამი დღით ადრე და ამბობენ, რომ სასტიკად ნაცემია ვინმე ღონღაძე, პიროვნება არ დაფიქსირებულა სასწრაფოში, პიროვნება არ დაფიქსირებულა სამედიცინო დაწესებულებაში, პიროვნებას ობიექტურად არ აღენიშნება რაიმე დაზიანების ნიშნები. მაშინ მე ვსვამ კითხვას საზოგადოების წინაშე, როდესაც არ არსებობს დაზიანებები, რატომ ედავება პროკურატურა ძალადობას და რატომ შეიძლება პოლიციელის მიერ ჰაერში გასროლა პისტოლეტის, იქცეს ვინმეს 333-ე მუხლის მექანიზმით დასჯის საფუძველი?! აი ეს კითხვები მაქვს მე გამოძიებასთან. ჰაერში გამოკიდებული მოწმეთა ჩვენებები არ შეიძლება გახდეს საქმეზე, მით უმეტეს პოლიციელთა საქმეზე დასჯის მთავარი მტკიცებულება. მე ამ მოწმეების ჩვენებას ასევე უნდობლობას ვუცხადებ“, - განაცხადა ბესიკ ბეგიაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სადაც დაკავებულ სამართალდამცველებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. დააკავეს.





გაზიარება და მოწონება