დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდება - "ამსახველი ვიდეო არ არსებობს"
2018-01-11 18:59:40 · ამობეჭდვა

ნუცუბიძეზე, დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილი მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდება- ამის შესახებ ჟურნალისტებს პავლიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ლევან ვეფხვაძემ განუცხადა. ადვოკატი თბილისის პროკურატურაში დღეს გარდაცვლილის მეუღლესთან ერთად კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო, რომელსაც უნდა დაედგინა, უწყვეტი იყო თუ არა საპატრულო პოლიციის კამერებით გადაღებული ვიდეოები და ხომ არ წაიშალა რომელიმე კამერიდან მასალა.

"დასკვნაში წერია, რომ მასალები დამონტაჟებული არაა და ასევე კამერებიდან არ მომხდარა რაიმეს წაშლა. შესაბამისად, დგინდება, რომ პავლიაშვილის დაკავებისა და იმ ტრაგიკული შემთხვევის ამსახველი ვიდეო არ არსებობს. პროკურატურამ რა საგამოძიებო მოქმედებებიც ჩაატარა, იმის შედეგად სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ იკვეთება და, შესაბამისად, ალბათ პროკურატურა საქმეს უახლოეს დღეებში შეწყვეტს. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს პრეტენზია პროკურატურასთან, ვინაიდან რაც საჭირო იყო, მათ ყველა ღონისძიება გაატარეს, თუმცა, ჩვენ ნამდვილად გვაქვს პრეტენზია პოლიციელებთან და საქმის შეწყვეტის მიუხედავად, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ უნდა მოახდინოს მინიმუმ სამსახურებრივი შემოწმება, რათა დადგინდეს, რა მოხდეს რეალურად და რატომ არ მოხდა ამ ყველაფრის გადაღება, ვინაიდან პოლიციელი ვალდებულია განახორცირლოს ჩაწერა. საზოგადოებამ და, პირველ რიგში ოჯახმა, კვლავ არ იცის რა მოხდა", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.





გაზიარება და მოწონება