"წიხლებით ვცემეთ ადამიანი ორმა კაცმა და ერთი ნაკაწრიც არ აქვს?...იარაღი გავისროლეთ...თავს გვესხმოდნენ" - დაკავებული პოლიციელები
2018-01-11 18:22:55 · ამობეჭდვა

წიხლებით ვცემეთ ადამიანი ორმა კაცმა 10 წუთის განმავლობაში და ერთი ნაკაწრიც არ აქვს? - აცხადებს ერთ ერთი დაკავებული პოლიციელი, რომელსაც პროკურატურა ძალადობით უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. უბნის ინსპექტორების, ბესიკ ბეგიაშვილის და ირაკლი დარჩიაშვილის სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასმართლოში იმართება. ისინი წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათი წინასწარ პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობს:

„ჩვეულებრივად ვმუშაობდით და როგორც მოქმედი პოლიციელი ისე დაგვაკავეს. არანაირ არც გამოძიებას დავმალულვარ, არც როცა გვიბარებდნენ და გვირეკავდნენ, ვმუშაობდით თუ ვისვენებდით, ჩვეულებრივად იმ დროზე, იმ წუთზე ვცხადდებოდით და კითხვას ვსვამ - საფრთხე რა არის? მოქმედი თანამშრომლები ვიყავით და საფრთხე არ ყოფილა და ახლა რა არის, განსაკუთრებით უფლებამოსილება, რომ შეგვიჩერეს ახლა ექმნებათ საფრთხე? თუ ის დადგინდა, რომ ჩვენ დამნაშავეები ვართ, ჩვენ ჩვეულებრივად პასუხს ვაგებთ. მაგრამ, ჩვენ დამნაშავეები არ ვართ. იმიტომ, რომ არ გვიცემია, როგორ ექსპერტიზის დასკვნა არის. როგორ? წიხლებით ვცემეთ ადამიანი ორმა კაცმა 10 წუთის განმავლობაში და ერთი ნაკაწრიც არ აქვს? - განაცხადა ბრალდებულმა.

რაც შეეხება იარაღების გასროლას, ყოფილი პოლიციელები ამბობენ, რომ ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი გაისროლა და ამის საფუძველი იყო მოქალაქეების მხრიდან თავდასხმა.

"იარაღი გავისროლეთ, ჩემმა მეწყვილემ აღიარა კიდევაც და თავიდანვე მოგეცით ჩვენება. საფუძველი ის გვქონდა, რომ თავს გვესხმოდნენ" აცხადებს ერთ ერთი დაკავებული.

საუბარია 2017 წლის 12 ნოემბერს, რუსთავში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც გამოძიების ინფორმაციით, უბნის ინსპექტორებმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. განცხადება ამასთან დაკავშირებით, დღეს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა .

ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.





გაზიარება და მოწონება