"საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა და ყველა უფლებადამცველმა პოლიტიკური უწოდა. ის სტრასბურგში პირველი გასაჩივრებისთანავე გაქარწყლდება"- სააკაშვილი "შეწყალების საქმეზე"
2018-01-11 16:11:31 · ამობეჭდვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს ე.წ. შეწყალების საქმეზე, მიხეილ სააკაშვილი დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კიევში, სააპელაციო სასამართლოში გააკეთა:

„ეს არის ყალბი განაჩენი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა და ყველა უფლებადამცველმა პოლიტიკური უწოდა. ის სტრასბურგში პირველი გასაჩივრებისთანავე გაქარწყლდება და მათ ეს კარგად იციან. ისინი შეუთანხმდნენ უკრაინის ხელისუფლებას, რომ მე თავიდან მომიშორონ. იციან, რომ უკრაინისთვის მე ვარ არც თუ ისე ნელი მოქმედების ბომბი, ამიტომ ჩემი საქართველოში გაგზავნა სურთ, რომ კიევიდან შორს ვიყო.

ეს არის ვლადიმერ პუტინის ხელშეწყობით ორი ოლიგარქის შეთქმულების ისტორია. პუტინი თავის ოფიციალურ პირებთან ყველა პრესკონფერენციაზე ჩემზე საუბრობს. მე არ გირჩევთ რუსული არხების ყურებას, თუმცა მეუბნებიან, რომ მათი პროპაგანდისტები ძალიან აღშფოთებულები არიან, რატომ არ ვარ ამ დრომდე დაპატიმრებული“,- განაცხადა სააკაშვილმა სასმართლო სხდომის დაწყებამდე.

კიევის სააპელაციო სასამართლო გენერალური პროკურატურის აპელაციას განიხილავს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ეხება. გენერალურმა პროკურატურამ გაასაჩივრა კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სასამართლო სხდომა ამ დროისათვის დასრულებულია. პროკურატურის საჩივრის განხილვა 19 იანვრამდე გადაიდო. გადაწყვეტილების მიზეზი კი ის გახდა, რომ სასამართლოზე არ გამოცხადდნენ დეპუტატები, რომლებიც სააკაშვილს პირველი ინსტანციის სასამართლოზე თავდებში ჩაუდგნენ.





გაზიარება და მოწონება
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე