სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
საზოგადოება
2018-01-04 12:37:50
ჩაწყობილი მატჩების საქმეზე დაკავებულ თემურ დათიკაშვილს გულის ოპერაცია უტარდება

ჩაწყობილი მატჩების საქმეზე დაკავებულ საკალათბურთო გუნდ „სოხუმის“ თანამფლობელ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია უტარდება. 

როგორც თემურ დათიკაშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას ამ დროისთვის არ აქვს სრული ინფორმაცია, თუ რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ოპერაცია, თუმცა აცხადებს, რომ კლინიკაში მისი გადმოყვანა წუხელ მოხდა. 

ამასთან, ადვოკატი თამარ აბესაძე გამორიცხავს ბრალდებულ თემურ დათიკაშვილზე რაიმე ტიპის ფიზიკურ ზემოქმედებას და აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სავარაუდოდ, მის სტრესულ მდგომარეობას უკავშირდება.

”ოჯახის წევრებს გუშინ დაურეკეს ციხიდან და შეატყობინეს, რომ თემურ დათიკაშვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ციხის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ სასწრაფოდ გადმოეყვანათ ღუდუშაურის კლინიკაში. ჩვენ საკმაოდ მწირი ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ვიცით, რომ უტარდება სათანადო გამოკვლევები და ის ამჟამად საოპერაციო ბლოკშია შეყვანილი. ველოდებით ოპერაციის დასრულებას. ჩვენ არ ვიცით არც დიაგნოზი, თუ რით შემოიყვანეს ის კლინიკაში, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს იყო დიდი სტრესის ფონზე განვითარებული. მე გუშინ ვნახე ის დაწესებულებაში და ნორმალურად გრძნობდა თავს. რაც შეეხება ფიზიკურ ზემოქმედებას, მე ამას გამოვრიცხავ”, - განაცხადა ადვოკატმა თამარ აბესაძემ.

ამავე თემაზე