დახურული ბრიუსელის ბიური და მილიონი ბათუმის სტუდიისთვის
2018-01-04 00:29:46 · ამობეჭდვა

ჩემთვის, ბრიუსელის ბიუროს დახურვა არის პოლიტიკური გზავნილი - აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე. "პირველი რადიოს" კითხვაზე, არის თუ არა ევროპის ბიუროს დახურვა პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ფონზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის ოფისის მოწყობაზე დიდი თანხის დახარჯვას აპირებს, სალაძე ამბობს, რომ ეს ასეა და ეს გზავნილი არის მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან. მისივე თქმით, რეალურად, ბრიუსელის ბიუროს შენახვა მაუწყებელს თავის ბიუჯეტის პირობებში, მიზერული თანხა უჯდებოდა.

"დიახ, ჩემთვის, ბრიუსელის ბიუროს დახურვა არის პოლიტიკური გზავნილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან. მითუმეტეს ეს არის პოლიტიკური გზავნილი თუკი მენეჯმენტში არიან ადამიანები და ისინი განსხვავებულად ფიქრობენ, მაგრამ ამაზე არ საუბრობენ ღიად. საზმაუ კი არ უნდა ხურავდეს ბრიუსელის ბიუროს, არამედ ბიუროს უნდა ხსნიდეს ვაშინგტონში და მაქსიმალურად ყველგან, ვინც ჩვენი სტარტეგიული პარტნიორია, უნდა გვქონდეს წარმომადგენლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სახით. ამასაც რომ თავი დავანებოთ საზმაუ გაურკვეველ პროექტებში ხარჯავს უამრავ თანხას. ბიუჯეტი იზრდება ყოველწლიურად და ჩვენ ვსაუბრობთ ბიუროს დახურვაზე. ამ ლოგიკით თუ გავყვებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ უკვე მიმდინარე წელს, მაუწყებელი ბათუმის ოფისის მშენებლობა- აღჭურვა- მოწყობაზე მილიონზე მეტის დახარჯვას აპირებს მაშინ, როცა 360 ათას ლარს ხარჯავდა ბრიუსელის ბიუროს შენახვაზე. თავის სახელი დავარქვათ ყველაფერს. საუბარი იმაზე, რომ კი არ ვხურავთ ვაძლიერებთ, არის თვალებში ნაცრის შეყრა. არანაირ გაძლიერებაზე არ არის საუბარი. ეს არის დახურვა. ისედაც ძალიან კარგად ვიცით ჩვენ, რომ მხოლოდ ბრიუსელის ბიუროში მყოფი ჟურნალისტი მთელ ევროპას და ამერიკას ვერ დაფარავდა და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით თბილისიდანაც მიდიოდნენ ჟურნალისტები, რათა უფრო სწრაფად და ოპერატიულად მომხდარიყო ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის. ეს აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია, მაგრამ იმ მოტივით ბრიუსელის ბიუროს დახურვა, რომ თითქოსდა თბილისიდან უფრო სწრაფად ივლიან ჯგუფები, ეს არის მხოლოდ ზეპირი განცხადება, რადგან ამის ანალიტიკა არც არავის გაუკეთებია და არც არავის დაუთვლია",- განაცხადა სულხან სალაძემ "პირველ რადიოსთან" საუბარში.





გაზიარება და მოწონება
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე