კორუფციული გარიგებები საზმაუში - პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინში
2018-01-04 00:14:05 · ამობეჭდვა

სახელმწიფო შესყიდვები, სტარტაპების დაფინანსება, კომერციული რეკლამა და მენეჯმენტისა და ბორდის უფლებამოსილებები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელშიც "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტში საფრთხეებს ხედავს "საიას" ხელმძღვანელი და საზმაუს ბორდის წევრი სულხან სალაძე. სალაძე კორუფციულ რისკებზე საუბრობს და "პირველ რადიოსთან" საუბარში იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

"მოლოდინზე საუბარი ცოტა რთულია, თუმცა მე ვიმედოვნებ, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს შესაძლებლობას და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნდება კანონპროექტი პარლამენტში. ეს კანონპროექტის თუ შევიდა ამ ფორმით ძალაში და იქცა კანონად, იქ ძალიან ბევრი პრობლემური ჩანაწერია თავი რომ გავანებოთ კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებულ ნაწილს. შეიძლება გამოვყოთ სახელმწიფო შესყიდვების ნაწილი. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ კომერციული კატეგორიის შესყიდვებზე არც სახელმწიფო შესყიდვების კანონი აღარ გავრცელდება და პრაქტიკულად არანაირი რეგულაცია არ არსებობს დღეისათვის. ის მოცემულობა და გამოწვევები, რომელიც საზმაუს წინაშე არსებობს, სამეურვეო საბჭოს ან გენერალური დირექტორისათვის ამ უფლებამოსილების გადაცემისათვის რაც წერია კანონპროექტში, არის დიდი რისკი. არის რისკი, რომ სახელმწიფო და ამ შემთხვევაში პარლამენტი, სამართლებრივი საფუძველს მისცემს კანონის დონეზე, რომ მაუწყებელს გარკვეული ტიპის კორუფციული გარიგებები ჰქონდეს მომავალში. იგივე შეიძლება ითქვას სტარტაპებს თემაზე, რომელიც არის აბსოლუტურად გაურკვეველი წარმონაქმნი. ამას ვამბობ იმიტომ, რომ არავინ არ იცის როგორ მოხდება მისი შერჩევა, გამარჯვებულების გამოვლენა, რამდენი სტარტაპი შეიძლება დაფინანსდეს წლის განმავლობაში, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს თუკი ამ სტარტაპის დროს ეს პროექტი ვერ გაამართლებს და.ა.შ. ეს ყველაფერი აბსოლუტურად ჰაერშია დატოვებული. თავი რომ დავანებოთ კორუფციის რისკებს, შესყიდვების და სტარტაპების ნაწილს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმ საჯარო ფინანსების არარაციონალური ხარჯვის წინაპირობაა ამ ფორმით ამ კანონპროექტის ძალაში შესვლა და კანონად ქცევა. იგივე შეიძლება ვთქვათ სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტზე. თითქოსდა აქ არის საუბარი, რომ უფლებამოსილებები იმიჯნება, სინამდვილეში ეს არის სამეურვეო საბჭოს დასუსტება და არა უფლებამოსილებების გამიჯვნა ვინაიდან დღემდე პრაქტიკაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიაში, როდესაც სამეურვეო საბჭოს ბოროტად გამოუყენებია ის უფლებები, რომლის გამიჯვნაზეც დღეს საუბრობს მენეჯმენტი. ასევე სერიოზული პრობლემაა სპონსორობასთან დაკავშირებული საკითხები და მასთან დაკავშირებული ჩანაწერები ამ კანონპროექტში, და რა თქმა უნდა კომერციული რეკლამა. როდესაც ჩვენ ვიცით თუ რამხელაა რეკლამის ბაზარი დღეს საქართველოში და ამ დროს მუდმივად ზრდადია საზმაუს ბიუჯეტი . ამ ფონზე კომერციული მედიისთვის რეკლამის წართმევა არის აბსოლუტურად მიუღებელი" განაცხადა სულხან სალაძემ "პირველ რადიოსთან" საუბარში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით 12 დეკემბერს დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 3 წავიდა. საკანონმდებლო პაკეტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. კანონპროექტმა აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნითაც გამოიწვია. "ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილი მას მხარს არ უჭერს და ვეტოს დადების შემთხვევაში, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებასაც არ გამორიცხავს.





გაზიარება და მოწონება