„ბრიუსელში თუ ბიურო არ გაქვს, ბევრ რამესთან დაკავშირებით აჩენს კითხვებს“
2017-12-30 00:19:13 · ამობეჭდვა

ბრიუსელში თუ ბიურო არ გაქვს, ეს ბევრ რამესთან დაკავშირებით აჩენს კითხვებს - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროსთან დაკავშირებით. როგორც ხიდაშელი "პირველ რადიოსთან" საუბარში აცხადებს, ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თავის განცხადება, რომ ის ბიუროს კი არ ხურავს, არამედ აფართოებს, შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა გაამყაროს. ხიდაშელის განცხადებით იმ შემთხვევაში თუ მაუწყებლის ჟურნალისტის ქეთევან ქარდავას, რომელიც უკვე წლებია ევროპის ბიუროს ხელმძღვანელია, ჩანაცვლება ხდება, ალტერნატივაც შესაბამისი უნდა იყოს. ხიდაშელისთვის პირველი არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილება ბევრ კითხვის ნიშანს შეიცავს:

"გადაწყვეტილება ლოგიკური არ არის, არათუ გამართლებული. ბრიუსელში საზოგადოებრივ მაუწყებელს კი არა, ჩემი აზრით ყველა საკუთარი თავის პატივისმცემელ ქართულ არხს უნდა ჰქონდეს წარმომადგენლობა, ამის ფინანსური შესაძლებლობა თუ აქვს რა თქმა უნდა. პრაქტიკულად ყოველდღიურად რაღაც ხდება ან თავად ბრიუსელში, ან ჩვენს ჩვენს ქვეყანაში, ან ჩვენს პარტნიორებთან, რის გამოც მათი პოზიციის მოსმენა აქტუალური და საინტერესოა ქართველი მაყურებლისთვის. ვერანაირი თვალსაზრისით ამ გადაწყვეტილებას ვერ მივესალმები და ვერ გავამართლებ. მაღლაფერიძე ამბობს, რომ აფართოებს, მაგრამ იმისთვის რომ ეს დამაჯერებელი იყოს, აუცილებელია წარმოადგინოს საბიუჯეტო რესურსი, რომელიც ამ ბიუროს გაფართოების შემთხვევაში ხდება საჭირო იმიტომ, რომ მე ასეთი რამ 2018 წლის საზმაუს ბიუჯეტში ვერ ვიპოვე...

მე პირადად როგორც ერთი ადამიანი, ქეთის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ და მისი მხოლოდ მადლობელი უნდა ვიყოთ ჩვენ ყველანი. ის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია, რომელზეც არც ერთი ნორმალური ტელევიზია უარს არ უნდა ამბობდეს. ზოგადად პრეზიდენტები, პატრიარქები და რომის პაპები იცვლებიან და ეს არ არის წარმოუდგენელი, მაგრამ თუ ცვლი თანამშრომელს, მაშინ ალტერნატივაც უნდა შესთავაზო შენს მაყურებელს, რომ იცოდეს ის უკეთესი, რომელიც წარუდგინე ვინ არის და როგორ გაქვს წარმოდგენილი ამ პროცესის გაგრძელება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება კითხვები. ვიღაცამ იხუმრა კიდეც "ფეისბუქში", რომ როგორც ჩანს უცხოეთში მოგზაურობა მოუნდათ საზმაუს ჟურნალისტებს, იმედი მაქვს, რომ ეს ხუმრობა იყო მხოლოდ და მეტი არაფერი. თავისთავად ეს ძალიან არასწორია. ბრიუსელში თუ ბიურო არ გაქვს, ბევრ რამესთან დაკავშირებით აჩენს კითხვებს, მათ შორის გიჩენს განცდას, რომ ამ გადაწყვეტილების მიმღებისთვის აღარ არის ის აქტუალური ქალაქი და სხვა ორიენტირი აქვს მას." განაცხადა "პირველ რადიოსთან" საუბარში თინა ხიდაშელი.





გაზიარება და მოწონება