„წავიდა მილიონამდე კაცი, თუ ქალი და ხმა მისცეს დენის და წყლის ტარიფის გაზრდას“ - ტარიფების ზრდა კალაძე-ივანიშვილის პროექტი?
2017-12-28 00:15:26 · ამობეჭდვა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდით ახალი არაფერი მომხდარა და ხელისუფლებას არც დაუმალავს, რომ ამას გეგმავდა. "პირველ რადიოსთან" საუბარში შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ისინი მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო რეფერენდუმი ტარიფების გაზრდაზე. ნათელაშვილი ამბობს,რომ მოსახლეობამ ხმა ტარიფების გაზრდას მისცა:

"არაფერი სიახლე არ მომხდარა. ხელისუფლებას ტარიფების გაზრდას რომ აპირებდა, არ დაუმალავს და მთელი ივლისი და აგვისტო მე, გიორგი გუგავამ და ლეიბორისტულმა პარტიამ გავატარეთ პირდაპირი გაგებით ხელჩართულ ბრძოლაში. სემეკში, სადაც გვახვედრებდნენ და გვაპირისპირებდნენ სპეცრაზმთან და პატრულის ელიტარულ ნაწილებთან. ეს ნახა მთელმა საქართველომ და ყველა ამას შეყურებდა მშვიდად ტელევიზორებიდან, კურორტებიდან, მთიდან, ზღვიდან, უცხოეთიდან. როცა გავაფრთხილეთ ჩვენ ეს ხალხი რომ თუ აირჩევთ ოცნებას, კალაძეს, ივანიშვილს, ეს პროექტი გახდება რეალობა, წავიდა მილიონამდე კაცი, თუ ქალი და ხმა მისცეს დენის და წყლის ტარიფის გაზრდას. ეს იყო რეფერენდუმი. რაც მოინდომეს რეფერენდუმზე ის შეუსრულა მთავრობამ. მაგრამ რა დავაშავეთ ჩვენ, დანარჩენებმა? დავაშავეთ ის, რომ არ ვიაქტიურეთ, არ მივედით არჩევნებზე და ვიჯექით სახლში ტელევიზორებთან. გამოსავალი არის ხელისუფლების შეცვლა და ოლიგარქების მოცილება. სხვა ყველაფერი მოვსინჯეთ 20 წელია, სასამართლოებიდან დაწყებული. ასე შიშველი ხელებით რამდენი ხანი უნდა ვიმოქმედო ? რა აზრი აქ აქციებს? ვინ გამოვა?ახლა მე რომ გაუშვა ნახევარი მილიონი, ასი ათასი კაცი უცბად მოიყრის თავს აქციაზე, უფულოდ არავინ არ გამოდის 100-200 კაცის გარდა, რა აქცია უნდა დავნიშნო ამ საზოგადოებაში, რომელსაც თავმოყვარეობა არა აქვს? ერევანში რომ გადაწყვიტეს დენის ტარიფების მომატება, დაიქცა მთელი ერევანი. მაგალითის აღებაც არ შეუძლიათ მეზობელი ქვეყნებიდან და ხალხებიდან, თუ როგორ იცავენ ისინი თავიანთ თავმოყვარეობას", - განაცხადა ნათელაშვილმა "პირველ რადიოსთან" საუბარში.





გაზიარება და მოწონება