ბიტკოინმა შესაძლოა ელექტროენერგიის დეფიციტი გააჩინოს?
2017-12-28 00:03:43 · ამობეჭდვა

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება მომდევნო 3 წელიწადში დაახლოებით 20%-ით მოიმატებს. მართალია, მიმდინარე პერიოდში დენის საყოფაცხოვრებო მოხმარებაც მატულობს, მაგრამ გადამწყვეტი გავლენა ამ შემთხვევაში არამწარმოებლური დარგების მოზღვავებამ იქონია, რაც ბოლო დროის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. საქართველოში დენის მოხმარების მასშტაბური ზრდა უკავშირდება ბიტკოინის მოპოვების პროცესს, რომელიც მსხვილი ორგანიზაციიდან ლამის ოჯახებშიც შევიდა და ისრუტავს დაახლოებით იმდენივე ელექტროენერგიას, რაც გიგანტურ ქარხნებს საწარმოო პროცესისთვის სჭირდება. როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე აღნიშნავს, ბიტკოინის საწარმოებლად მუხიანში მდებარე ერთ-ერთი ორგანიზაციისთვის ელექტროენერგიის მოხმარების დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ზე მეტია და საუბარი მიდის იმაზე, რომ ეს მაჩვენებელი 75 მგვტ-მდე გაიზარდოს (შესაძლოა, უკვე არის კიდეც ამდენი). ამ დროს ფეროშენადნობთა ქარხნის სიმძლავრე ზესტაფონში 75-80 მგვტ-მდეა. რეალურად, რა მოცულობის ელექტროენერგიას იღებს ბიტკოინის მწარმოებელი კომპანია "ბიტფური", ჩვენთვის უცნობია. ჯერჯერობით ვიცით მხოლოდ ის, რომ ორგანიზაციას ელექტროენერგიას აწვდის თელას-ი, სადაც "ბიტფურის" მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ კომპანიაში ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად მატულობს. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წელს, სავარაუდოდ, თითქმის 20 პროცენტით მოიმატებს. 2017 წლის ბალანსის მიხედვით, მოხმარება 11,903 მილიარდ კვტ/სთ-ს შეადგენს. საპროგნოზო ბალანსის შესაბამისად, 2018 წელს მოხმარება 12,703 მილიარდი კვტ/სთ, 2019 წელს 13,376 მილიარდი კვტ/სთ, 2020 წელს კი 14,188 მილიარდი კვტ/სთ იქნება. ბალანსის მიხედვით, ყველაზე მეტად გაიზრდება პირდაპირი მომხმარებლების, ანუ მსხვილი კომპანიების ელექტროენერგიის მოხმარება. მოსალოდნელია მზარდი მოთხოვნა თელას-ის, "ენერგო-პრო ჯორჯიასა" და აფხაზეთის აბონენტებშიც. სახეზეა ელექტროენერგიის არნახულად მზარდი ტენდენცია, რაც არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის გასაჭირი. ამაზე წერენ ამერიკაში, ევროპაში და უკვე ჩვენთანაც საეჭვოდ იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. ეს მაშინ, როცა წარმოება ვერ ვითარდება და დასაქმების მხრივ ვითარება არ უმჯობესდება. რაც შეეხება ბიტკოინის მოპოვების პროცესს, რაც არის ე.წ. მაინინგი, ძალიან დიდი ოდენობით ელექტროენერგია სჭირდება. დროთა განმავლობაში ბიტკოინის მოპოვება უფრო და უფრო მეტად რთულდება, წარმატებული მაინინგისთვის კი, შესაბამისად, უფრო მეტი ელექტროენერგია არის საჭირო. სწორედ ამიტომ, ხარჯების ოპტიმიზაციისთვის, მაინერების დიდი რაოდენობის განთავსება ისეთ ქვეყანაშია გონივრული, სადაც ელექტროენერგიას დაბალი ღირებულება აქვს. კრიპტოვალუტების საოცარმა ზრდამ შექმნა უზარმაზარი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. ბიტკონის ქსელში არსებული ენერგიის ჯამური მოცულობა საათში 31 ტერავატს სცილდება - ეს მეტია, ვიდრე მსოფლიოს 150 ქვეყნის მიერ მოხმარებული ჯამური ენერგია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინი ენერგიას მთელ მსოფლიოს აცლის. 2019 წლისთვის ბიტკოინის ქსელს დასჭირდება იმაზე მეტი ელექტროენერგია, ვიდრე აშშ-ს, 2020 წლისთვის კი იმაზე მეტი, ვიდრე მთელ მსოფლიოს. კომპანია "ბიტფური" საქართველოში ოპერირებს და ის ბიტკოინის მაინინგის სექტორში ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ ითვლება. 2016 წლის მონაცემებით, "ბიტფური" არსებული ბიტკოინების 15%-ის მაინინგს ახორციელებდა.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე განმარტავს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა დიდწილად უკავშირდება სწორედ ბიტკოინის საწარმოო პროცესს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი და არის სხვა გარემოებებიც, რომელთა გამოც ქვეყანაში დენის მოხმარება კატასტროფულად მაღალია. "სოკოებივით იზრდება ბიტკოინების ქსელი საქართველოში. მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ კომპანია "ბიტფური", რადგან ბოლო დროს ელექტრონული ვალუტის დასამზადებლად აპარატურა სახლში აქვთ დამონტაჟებული და გარკვეულ მანიპულაციებს შინიდან გაუსვლელადაც აკეთებენ. მუხიანში არის ეს საწარმო და რამდენადაც ვიცი, მისი დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ზე მეტია და საუბარი მიდის იმაზე, რომ 75 მგვტ-მდე გაიზარდოს (შესაძლოა, უკვე არის კიდეც ამდენი). ამ დროს ფეროშენადნობთა ქარხანა ზესტაფონში 75-80 მგვტ-ის სიმძლავრისაა. გარდა ამისა, "ბიტფურის" მეორე დატა-ცენტრი გორშიც არსებობს. ამდენად, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მატულობს, სწორედ ეს არის. ამას ემატება სახლებში განთავსებული დანადგარები მაინინგისთვის. სხვა საქმეა, რომ ორგანიზაცია არსებობს და პარალელურადაც სახლებშიც მუშაობენ უკვე. ზუსტად იმავე საქმეს აკეთებენ, რაც ბიტკოინის მწარმოებელ ორგანიზაციაში ხდება. უზარმაზარი ციფრული ოპერაციები უკვე საცხოვრებელი ბინებიდან ხორციელდება. ეს არ ეხება მხოლოდ ბიტკოინს, რომლის გარდა უამრავი დასახელების ვირტუალური ვალუტები შემოდის. ამით რეალურად იზრდება ენერგომოხმარების მასშტაბი ქვეყანაში", - განმარტავს არაბიძე.

წყარო "ბიზნეს-რეზონანსი“





გაზიარება და მოწონება