რეგიონულ ბიზნეს-სექტორს მსს ფასს სტანდარტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს
2017-12-22 16:45:05 · ამობეჭდვა

21-22 დეკემბერს, ქუთაისსა და ბათუმში მეწარმეებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. პრეზენტაცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურისა და სამინისტროს აკადემიის თაბამშრომლობით გაიმართა. შეხვედრებზე მეწარმეთა წინაშე სიტყვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სერვისებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი გრიგოლ ბაიბურთი წარდგა.

ქუთაისსა და ბათუმში გამართულ ღონისძიებებზე 150-მდე სხვადასხვა სექტორის კომპანიების წარმომადგენლებმა მსს ფასს სტანდარტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ეს შეხვედრები მსს ფასს სტანდარტის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის გამიზნულ ღონისძიებათა ციკლის ნაწილია და მიზნად აღრიცხვა-ანგარიშგების სფეროში მიმდინარე რეფორმისა და მსს ფასს სტანდარტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს.

სამსახურის წარმომადგენლებმა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობა, აღრიცხვა-ანგარიშგების სფეროში მიმდინარე რეფორმა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული მოთხოვნები მიმოიხილეს. ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერმა დამსწრე საზოგადოებას მსს ფასს სტანდარტის თავისებურებები გააცნო და მისი გამოყენების უპირატესობები განიხილა.

ღონისძიებების დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოიცვა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა კონკრეტული საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში აქტიურად არის ჩართული. შესაბამისი პრეზენტაცია უკვე გაიმართა პალატის საბჭოს წევრებთან, სადაც 36 მსხვილი ბიზნეს-ასოციაციაა გაერთიანებული.





გაზიარება და მოწონება