ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს ხელფასების ზრდა-საერთაშორისო სავალუტო ფონდი
2017-12-07 12:31:34 · ამობეჭდვა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, საქართველოს ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა რისკები კვლავაც არსებობს. IMF აღნიშნავს, რომ ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი ძლიერდება, 2018 წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება, ქვეყნის საგარეო პოზიცია გაუმჯობესდა.

ამასთან, IMF აღნიშნავს, რომ გეგმის გადაჭარბებით მიღებული შემოსავლებით გაჩნდა შესაძლებლობა დაფინანსდეს მეტი კაპიტალური ხარჯი და მოხდეს დღგ-ს ზედმეტობების ანაზღაურება 2017 წელს.

"საბანკო სექტორი რჩება ლიკვიდური, მომგებიანი და კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი. პოზიტიური შედეგების მიუხედავად, ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს სიფრთხილე და განაგრძოს რეფორმები, რომლებიც მიმართულია ზრდის ხელისშემშლელი სტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრისკენ.

2018 წლის ბიუჯეტი მიზნად ისახავს ფისკალურ კონსოლიდაციას. ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება, თუმცა კაპიტალური ხარჯი იზრდება. ამის მისაღწევად უნდა გაგრძელდეს შემოსავლების ადმინისტრირების გაძლიერება, განსაკუთრებით, თავიდან იქნას აცილებული დღგ-ს ზედმეტობების დაგროვება.

ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს მიმდინარე ხარჯების, მაგალითად ხელფასების, ზრდა; გააუმჯობესოს სოციალური პროგრამების მიერ მიზნობრივი ჯგუფების წვდომა; შეამციროს სუბსიდიები და სახელმწიფო საწარმოებისთვის კაპიტალის მიწოდება. საშუალოვადიანი ფისკალური მიზნები, მათ შორის ინსტიტუციონალური ფისკალური რეფორმები, უნდა შესრულდეს პროგრამით გაწერილ ვადებში. სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას ფისკალური კონსოლიდაციის ფონზე განაგრძოს ხარჯვა მაღალპრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. საჯარო ინვესტიციების მართვის უკეთესი ჩარჩო მიეხმარება ხელისუფლებას უკეთესად განაგონ საჯარო ფინანსები. ხელისუფლების განზრახვა იმის შესახებ, რომ სრულყოფილად შეაფასონ და დააკვირდნენ ფისკალურ რისკებს, უნდა აისახოს 2018 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების დანართში“, - განმარტავენ IMF-ში.

წყარო:.bm.ge





გაზიარება და მოწონება