ორი მილიონი დოლარი ,,ლაღიძის წყლებისთვის“ და ოფშორული კომპანია - ვინ გამოაცხობს ხაჭაპურს?
2017-12-01 16:46:46 · ამობეჭდვა

დაიწყო თუ არ თბილისის მერიამ პრემიერ-მინისტრის დავალების საფუძველზე რუსთველის 24 -ში მდებარე ფართის გამოსყიდვა ისტორიული ლაღიძის აღსადგენად და რამდენი დაუჯდება თბილისის ბიუჯეტს კომერციული ფართის გამოსყიდვა - ამ შეკითხვით ,,პირველმა რადიომ“ თბილისის მერიას მიმართა. პრესამსახურში განგვიცხადეს რომ ამ საკითხის მოკვლევა აუცილებლად დაიწყება თუმცა, დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, რადგან დავალება მერმა პრემიერისგან გვიან ღამით მიიღო.

რუსთაველის 24 -ში მდებარე ფართი - პირველი სართული 189, 14 კვ.მ. და სარდაფი 324,99 კვ.მეტრი. ფართი კომპანია - ,,ლინკოლნ მენეჯმენტ ჯორჯიას“ ეკუთვნის, რომლის მფლობელი და დირექტორი ევგენი უსტინოვია. თავის მხრივ, ,,ლინკოლნ მენეჯმენტ ჯორჯია“ ბელიზში რეგისტრირებულ კომპანია ,,ლინკოლნ მენეჯმენტს კორპორეიშენს“ ეკუთვნის. ჩვენ დავუკავშირდით ,,ლინკოლნ მენეჯმენტ ჯორჯიას“ იურისტს გურამ კონტუაძეს, რომელმაც განგვიცხადა რომ კომპანიას ფართის გამოსყიდვასთან დაკავშირებით მერიიდან არავინ დაკავშირებია. დაკავშირების შემთხვევაში კი გადაწყვეტილებას კომპანიის ხელმძღვანელი მიიღებს. იურისტისთვის ამ ეტაპზე ფართის საბაზრო ფასი უცნობია. ,,ლინკოლნ მენეჯმენტ ჯორჯიამ“ რუსთაველის 24-ში მდებარე 514,13 კვ.მ ფართი 2008 წელს შეიძინა. სარდაფში ამჟამად განთავსებულია სახაჭაპურე, რომელსაც კომპანია შპს ,,გუდ ფუდი“ ამუშავებს. პირველი სართული კი მაღაზია ,,ნექსტს“ აქვს ნაქირევები.

,,პირველი რადიო“ დაუკავშირდა უძრავი ქონების რამდენიმე სააგენტოს. დაინტერესდა რუსთაველის 24-ში მდებარე პირველი სართულის და სარდაფის საბაზრო ღირებულებით. ერთ-ერთ სააგენტოში, რომელმაც დასახელებისგან თავი შეიკავა, განგვიცხადეს რომ რუსთველის 24-ს რომ არ ჰქონდეს ისტორიული მნიშვნელობა ფასი შესაძლოა მოქმედი კომერციული ფართის მიხედვით დადგენილიყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რუსთველის 24-ს ისტორიული დატვირთა აქვს, ამ შეთხვევაში ფასი ,,ისტორიული შესადრისის“ მიხედვით უნდა დადგინდეს. უხეში დათვლებით კი კვადრატული მეტრი შესაძლოა 3 ათას 500 დოლარიდან 4 ათას დოლარამდე მერყეობდეს. ასეთი უხეში დათვლებით იმ შემთხვევაში თუ ,,ლინკოლნ მენეჯმენტთან“ მოლაპარაკება შედგა, მერიას რუსთაველის ფართის გამოსყიდვა 2 მილიონ დოლარად მოუწევს.

მიტროფანე ლაღიძემ ,,ლაღიძის წყლები“ 1887 წელს შექმნა. მაღაზია კი რომელიც რუსთველის 24-ში მდებარეობდა 1906 წელს თავად მიტროფანე ლაღიძემ გახსნა. 1921 ის საბჭოთა ხელისუფლებას გადაეცა. თუმცა, მან ფუნქციონირება გააგრძელა. 1996 წელს შენობა მერიას გადაეცა შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტროს. 2004 წელს ლაღიძის მემკვიდრეებმა მაღაზიის შესყიდვა მოინდომეს თუმცა შენობა ძეგლის სტატუსი ჰქონდა და სახელმფიწოფომ ფართი არ გაყიდა. მიტროფანე ლაღიძის მემკვიდრის ვახტანგ ლაღიძის განცხადებით, 2007 წელს ხელისუფლებამ შენობა მაინც გაყიდა.

,,პირველი რადიო“ დაუკავშირდა ვახტანგ ლაღიძეს, რომელმაც განაცხადა რომ მერიას მასთან ამ საკითხზე კონტაქტი არ ჰქონია. ლაღიძე ფიქრობს, რომ თუ შეხვედრა შედგა და გამოსყიდვაც გამხორციელდა, მემკვიდრეების ერთადერთი მოთხოვდნა მხოლოდ ის იქნება რომ ბრენდის სახელის ქვეშ სახაჭაპურე და წყლები ძველი ფორმით აღდგეს. როგორც ვახტანგ ლაღიძემ ,,პირველ რადიოს“ განუცხადა, მან არ იცის პროექტის განხორციელების შემთხვევაში ვინ იქნება ,,ლაღიძის წყლების“ მართვაში.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ფორმით იფუნქციონირებს ,,ლაღიძის წყლები“ , რადგან მერიას ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია.





გაზიარება და მოწონება