ის რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკა გაიზარდა 5.6%-ით, ეს ციფრები არაფერს არ ნიშნავს - ირაკლი ყიფიანი
2017-11-30 20:34:51 · ამობეჭდვა

ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკა გასულ წელთან შედარებით 5.6%-ით გაიზარდა.

შეფასებას ირაკლი ყიფიანი „პირველ რადიოსთან“ საუბრისას აკეთებს.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის შედარება გასულ წელთან და ამით კმაყოფილება არასწორია, რადგან გასული წელი ქვეყნის ეკონომიკისთვის გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი ჩავარდნით.

სფეროს ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანაში ეკონომიკა 2021 წლამდე გეგმის მიხედვით მხოლოდ 5%-ით გაიზარდა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო მომდევნო 20 წლის განმავლობაში იქნება კიდევ უფრო მეტად ჩამორჩენილი ქვეყანა.

„ის რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა 5.6%-ით, ეს ციფრები არაფერს არ ნიშნავს, რადგან ეს ციფრი უნდა შედარებულიყო არა წინა წლის, არამედ იმის წინა წლის პერიოდთან, იმიტომ, რომ წინა წელი იყო ეკონომიკური ჩავარდნის წელი, შესაბამისად თუ ჩავარდნა იყო წინა წელს, ახლა 5%-ით გაიზარდა ეგ ციფრი ცალკე არაფერს არ ამბობს.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ტემპებს - ზოგადად რომ შევხედოთ, საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც აქვთ ჩადებული ბიუჯეტში 2012 წლამდე, ვარაუდობენ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება 5%-ით, ანუ ყოველ წელს გვექნება 5%-ანი ეკონომიკური ზრდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ რაღაც ეკონომიკურ გარღვევას არ უნდა ველოდოთ ეკონომიკაში, არც ნიშნავს იმას, რომ თუ 5%ით საქართველო განვითარდა, მომდევნო 20 წლის განმავლობაში საქართველო კიდევ უფრო მეტად ჩამორჩენილი ქვეყანა იქნება განვითარებულ სამყაროსთან შედარებით. იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ზრდის ტემპები 5%-იანი ზრდის ფარგლებში არ უნდა იყოს.

ის რომ ლარი მერყეობს, გაუფასურებულია ეროვნული ვალუტა, შეიძლება ამან გამოიწვიოს რისკები ინფლაციურ პროცესში გადასვლის, ეს პირდაპირ უკავშირდება ამ ეკონომიკური ზრდის არასაკმარის ტემპს,"-აცხადებს ყიფიანი.





გაზიარება და მოწონება